მარიამ ლაშხმა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მარიამ ლსხი

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.

მარიამ ლაშხმა ღონისძიების მონაწილეებს ქართული ენის დღე მიულოცა. კომიტეტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას ქართული ენის მნიშვნელობაზე, მისი დაცვისა და შენარჩუნების ისტორიაზე, ქართული ანბანის უნიკალურობასა და საერთაშორისო აღიარებაზე ისაუბრა.

„ქართველთა ერთიანობამ, თავდადებამ და სიყვარულმა ენის შენარჩუნება და სახელმწიფო სტატუსის დაცვა შესაძლებელი გახადა. 14 აპრილი მხოლოდ თარიღი არ არის კალენდარში. ეს დღე ჩვენი ეროვნული იდენტობის სიმბოლოა. საამაყოა, რომ მსოფლიოში არსებული 14 ანბანიდან ერთ-ერთი ქართულია - უნიკალური და მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის მატარებელი. აღსანიშნავია, რომ ქართული ანბანი იუნესკო-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი და ერთადერთია, რომელსაც სამი ცოცხალი სახეობა აქვს“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორმა ნანა მაჭავარიანმა და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა.

ღონისძიების ფარგლებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ქართული ენის გამოცდის სერტიფიკატები გადაეცათ. გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე - „სამეცნიერო მიღწევები საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში“. გარდა ამისა, მოეწყო უცხოეთში მოქმედი ქართველოლოგიის ცენტრების საქმიანობის ამსახველი ვიდეორგოლების ჩვენება.

ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით ჩატარდა.

ღონისძიებას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რიმა ბერაძე, ასევე აღმასრულებელი და სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.