მარიამ ლაშხი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

მარიამ ლაშხი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი მარიამ ლაშხი საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ისრაელს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები და სხვადასხვა სფეროში სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები განიხილეს.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა განათლების სფეროში ურთიერთობების გაძლიერებაზე. შეხვედრაზე სტუდენტების გაცვლითი პროგრამების მნიშვნელობაზე, ასევე, საქართველოსა და ისრაელს შორის აკადემიური მიმართულებით მემორანდუმის გაფორმების საკითხზე ისაუბრეს.

საუბარი შეეხო ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე კომისიის ფარგლებში  ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებს.

„ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის ერთ-ერთი პრიორიტეტული თემაა ბავშვთა უფლებები კიბერსივრცეში. ისრაელს საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს ამ კუთხით. საუბარი გვქონდა ერთობლივი სემინარის ჩატარებაზე, რომლის მიზანი იქნება ცნობიერების ამაღლება და ისრაელის საკანონმდებლო ჩარჩოს შესწავლა ამ მიმართულებით“, - აღნიშნა მარიამ ლაშხმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ისრაელის გამოცდილებაზე სამხედრო სტრუქტურაში ინოვაციებისა და მეწარმეობის ინტეგრირების კუთხით.

„ისრაელში სამხედრო მიმართულება ძალიან მაღალ დონეზეა განვითარებული. ჯარში კარგად არის ინტეგრირებული ინოვაციების და მეწარმეობის სწავლება. მნიშვნელოვანია, შევისწავლოთ მათი გამოცდილება ამ კუთხითაც - სწავლების როგორი მეთოდები და შესაძლებლობები გააჩნიათ იმისთვის, რომ მეწარმეობის უნარები განივითარონ და სტარტაპები შექმნან. შეხვედრაზე ასევე განვიხილეთ ჯანდაცვისა და აგროტექნოლოგიების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მან ისრაელის ელჩისგან მიიღო მიწვევა კიბერუსაფრთხოების კვირეულზე (Cyber Week), რომელიც ყოველწლიურად იმართება და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ისრაელში.