ლევან მაჭავარიანი: იმედი გვაქვს, რომ პირველივე ეტაპზე მორჩება საქმის წარმოება, BBC გადაარჩენს თავის რეპუტაციას და მოიხდის საჯაროდ ბოდიშს

ლევან მაჭავარიანი

 აბსურდის თეატრი დაატრიალა BBC-იმ, თითქოს პირველი მსოფლიო ომის დროს გამოყენებული ქიმიური ნივთიერებით დავწამლეთ ჩვენი თანამოქალაქეები, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.

დეპუტატი იმედოვნებს, რომ BBC ამ სიცრუის გავრცელების გამო ბოდიშს მოიხდის.

„რა თქმა უნდა ეს არის ჩვეულებრივი სიცრუე. ჩვენ დავპირდით საზოგადოებას, რომ აუცილებლად გავცემდით პასუხს ამ ყველაფერს. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ BBC ასე ვთქვათ გადაარჩენს თავის რეპუტაციას, პირველივე ეტაპზე მორჩება საქმის წარმოება და BBC მოიხდის საჯაროდ ბოდიშს“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

საჩივარი BBC-ის მმართველი გუნდისგან - „ქართული ოცნება“ შესაბამისი პლატფორმებიდან მასალის აღებას და ბოდიშის მოხდას ითხოვს. საქმე ეხება ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებულ ფილმს, რომლითაც BBC საქართველოს ხელისუფლებას დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროს აკრძალული ქიმიური იარაღის, „კამიტის“ გამოყენებას აბრალებდა.

ამასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადგინა, რომ მომწამვლელი ნივთიერება „კამიტი“ შსს-ს აქციების დასაშლელად არ გამოუყენებია და ეს ნივთიერება საქართველოს არასდროს შეუძენია.