1770756107
მარიამ ლაშხი მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.
მარიამ ლაშხმა ქალ მეცნიერებს პროფესიული დღე მიულოცა და სახელმწიფოს მხრიდან მეცნიერების განვითარებისა და მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ჩვენი ქვეყნის მკვლევართა 55% ქალია. მაშინ, როდესაც მსოფლიოში ქალები მეცნიერებაში საშუალოდ მხოლოდ მესამედს შეადგენენ და ზოგიერთ ქვეყანაში მათი წილი 10%-საც არ აღემატება, ეს მაჩვენებელი ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული სიამაყის საფუძველია. თქვენი შრომა, შემოქმედებითი ენერგია და თავდადება არა მხოლოდ ძლიერი საძირკველია ქართული მეცნიერებისთვის, არამედ ხელშესახები მაგალითია მომავალი თაობისთვის. მნიშვნელოვანი ნაბიჯების მიუხედავად, სახელმწიფოს მხრიდან სამეცნიერო მიმართულებებს სჭირდება კიდევ უფრო მეტი გაძლიერება“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა სიტყვით გამოსვლისას.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართეს: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თინათინ ნიბლოშვილმა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა თეიმურაზ დოჭვირმა.
ქალ მეცნიერებს საპატიო ჯილდოები გადასცეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა თეიმურაზ დოჭვირმა.
დაჯილდოების ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით ჩატარდა.
ღონისძიებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
11 თებერვალს მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე, გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის თანახმად, 2015 წლიდან აღინიშნება.









