მაკა ბოჭორიშვილი: თავგამოდებით ვინც ებრძვის „იგლ ჰილსის“ პროექტს, მათთვის მიუღებელია საქართველოს ეკონომიკური განვითარება, დეზინფორმაციული კამპანიებით ცდილობენ ჩრდილის მიყენებას

მაკა ბოჭორიშვილი

თავგამოდებით ვინც ებრძვის საქართველოში „იგლ ჰილსის“ პროექტის განხორციელებას, მათთვის მიუღებელია ეკონომიკური განვითარება. პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს, ფაქტობრივად, არ აქვს უარყოფითი მხარე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, ათასნაირი დეზინფორმაციული კამპანიებით ცდილობენ, ჩრდილი მიაყენონ აღნიშნულ პროექტს.

„შეფასება მარტივია. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, ზოგადად, განვითარებისთვის რაც არის, ყველაფერი აღიზიანებს ამ ხალხს და ყველაფერს ეწინააღმდეგებიან. რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს არის უპრეცედენტო ინვესტიცია, რომელიც ადასტურებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების უკვე მიღწეულ შედეგებსა და პერსპექტივებს. სწორედ ეს არის მიუღებელი ხალხისთვის, ვინც ასე თავგამოდებით ებრძვის საქართველოში „იგლ ჰილსის“ პროექტის განხორციელებას. ათასნაირი დეზინფორმაციული კამპანიებით ცდილობენ, ჩრდილი მიაყენონ პროექტს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს და, ფაქტობრივად, არ აქვს უარყოფითი მხარე“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.