1792094214
მაკა ბოჭორიშვილი: საერთაშორისო ორგანიზაციების ინსტრუმენტად გამოყენებას უნდა მოერიდოს ყველა, ეს არის მნიშვნელოვანი ჩარჩო, რომელიც შექმნილია დიალოგისთვის, საერთო პრინციპების დასაცავად
საქართველო ეუთო-ს მონაწილე ქვეყანაა, რომელიც ერთგულია ორგანიზაციის პრინციპების, ინსტიტუტების და ყველა გამოწვევას უდგება იმ აზრით, რომ წვლილი შევიტანოთ ამ ორგანიზაციის მუშაობაში, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრსა და ეუთო-ს თავმჯდომარესთან, იგნაციო კასისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მაკა ბოჭორიშვილს შვეიცარიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა „მოსკოვის მექანიზმის“ შესახებ, რომ „მარტში აღინიშნა დემოკრატიის უკან დახევა საქართველოში და ამ ანგარიშს საქართველოს საგარეო უწყებამ უწოდა პოლიტიკურად მოტივირებული და მიკერძოებული ანგარიში, რომლის მიზანიც იყო საქართველოს კანდიდატობის აცილება, გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა“.
როგორც მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, ყველა მექანიზმთან მიმართებაში, რაც კი ეუთო-ს ფარგლებში იქნა გამოყენებული, საქართველომ ღიაობა აჩვენა.
„ჩვენ ვიყავით ღია მაშინ, როდესაც ამოქმედდა „ვენის მექანიზმი“, ასევე, როდესაც მიიღეს გადაწყვეტილება, გამოეყენებინათ „მოსკოვის მექანიზმი“, რასაც, ასევე, ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოების ნაწილმა დაუჭირა მხარი. საქართველომ ღირსეულად ითანამშრომლა ორგანიზაციასთან, ორგანიზაციის მიერ შერჩეულ ექსპერტთან. ჩვენ მათ მივეცით ყველანაირი შესაძლებლობა, ჰქონოდათ შეხვედრები, მოეძიებინათ ყველა საჭირი ინფორმაცია და გაეკეთებინათ დასკვნები არსებულ სიტუაციაზე. ჩვენ გვაქვს უფლება, თავად შევაფასოთ, როგორია დასკვნები, როგორია ესა თუ ის ინსტრუმენტი ან რისთვის არის გამოყენებული. არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საერთაშორისო ორგანიზაციების ინსტრუმენტად გამოყენებას უნდა მოვერიდოთ, უნდა მოერიდოს ყველა. ეს არის მნიშვნელოვანი ჩარჩო, რომელიც შექმნილია დიალოგისთვის, საერთო პრინციპების დასაცავად. მნიშვნელოვანია, ერთმანეთთან ვითანამშრომლოთ. კიდევ ერთხელ, საქართველო ყოველთვის იყო ღია ორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომლობისთვის და ასეთად დარჩება, მიუხედავად იმისა, რომ ეს მუშაობა ზოგჯერ შეიძლება იყოს უსიამოვნოც. თუმცა ჩვენ ვართ ამ ორგანიზაციის პრინციპების ერთგული და ვართ ქვეყანა, რომელიც კონსტრუქციულად არის ჩართული ორგანიზაციის მუშაობაში, ერთ-ერთი იმ მრავალ სახელმწიფოთა შორის, რომელსაც აქვს უფლება, ასე ვთქვათ, ჰქონდეს პრეტენზია, თავისი წვლილი შეიტანოს ორგანიზაციის მუშაობაში, როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.








