მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი მთავარი მოტივია ეროვნული ინტერესები, რომლებიც უკავშირდება მშვიდობას, პარტნიორებთან ვსვამთ კითხვას, რა წინააღმდეგობაშია საქართველოს ინტერესები მათ ინტერესებთან?

მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბრიტანეთის მთავრობის მიერ „იმედისა“ და პოსტივის“ დასანქცირებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ქართული ტელევიზიების შეზღუდვა არის ქართულ საზოგადოებაზე პირდაპირ თავდასხმა, რასაც ვერ გაიზიარებს.

ბოჭორიშვილის თქმით, დიდი ბრიტანეთის ელჩისგან ვერ მოისმინა არგუმენტი, რომელიც გაამართლებდა ლონდონის გადაწყვეტილებას.

„ეს არის შეფასებები, რომლებიც ვიღაცამ გააკეთა რაღაცაზე დაყრდნობით, ხომ? კონკრეტული მაგალითები ელჩისგან არ მომისმენია. 40 წუთის განმავლობაში არ მომისმენია არცერთი არგუმენტი, რომელიც გაამართლებდა ლონდონის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ყველაფერს გავეცანი, ვეცნობი აბსოლუტურად ყველაფერს. ქართულ ტელევიზიებს როდესაც ზღუდავ, ეს არის პირდაპირ თავდასხმა ქართულ საზოგადოებაზე. ბუნებრივია, ჩვენ ამას ვერ გავიზიარებთ, ისევე როგორც ვერ გავიზიარებთ მოსაზრებას, რომ ამ გადაწყვეტილებას რაიმე წვლილი შეაქვს რუსეთის დასუსტებაში“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილის განმარტებით, ბრიტანეთის ელჩს სთხოვა, წარმოედგინა მტკიცებულებები, რაც საფუძვლად უდევს მსგავს გადაწყვეტილებებს.

„ყველა კითხვა დავსვი ელჩთან. ვთხოვე, წარმოადგინოს ის მტკიცებულებები, რასაც აგზავნის ლონდონში, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები იყოს მიღებული ქართული საზოგადოების წინააღმდეგ. საგარეო საქმეთა სამინისტროს სხვა რეაგირების მექანიზმები არ აქვს. ჩვენი რეაგირების მექანიზმია, ვთხოვოთ მეორე მხარეს, წარმოადგინოს საფუძვლები, რას ემყარება გადაწყვეტილებები, რაც იქნა მიღებული ქართული საზოგადოების წინააღმდეგ“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელსაც აქვს კომუნიკაცია უცხოელ პარტნიორებთან, ვერ მიიღებს დასანქცირების გადაწყვეტილებას საფუძვლიანად და ვერ დაეთანხმება ამ გადაწყვეტილების სისწორეს.

„ჩვენ რაც შეგვიძლია, გავაკეთოთ, არის ის, რაც გავაკეთეთ – ვთხოვეთ ელჩს, წარმოადგინოს, რა საფუძვლები დაედო ამ გადაწყვეტილებას. მას ამ შეხვედრისთვის არანაირი ფაქტობრივი მასალა არ ჰქონდა წარმოდგენილი. რა ფორმითაც უნდა, იმ ფორმით შეუძლია მოგვაწოდოს. 21-ე საუკუნეა და მასალის მოწოდების ძალიან ბევრი მეთოდი არსებობს“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ ბევრი უსამართლო დამოკიდებულება იყო საქართველოსთან მიმართებით და საქართველოს ხელისუფლება ქართველი ხალხის ინტერესებით მოქმედებს.

„აღსრულებაზე არ ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ ჩვენს რეაგირებაზე იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რაც იქნა მიღებული. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი უსამართლო დამოკიდებულება ვიხილეთ საქართველოსთან, საქართველოს მთავრობასთან მიმართებით, ქართულ საზოგადოებასთან, ქართველ ხალხთან მიმართებით, რომელსაც ასე ხშირად ახსენებენ ხოლმე. ქართველი ხალხის ლეგიტიმური წარმომადგენელი არის საქართველოს ხელისუფლება და სწორედ ქართველი ხალხის ინტერესებით მოქმედებს საქართველოს ხელისუფლება. ჩვენი მთავარი მოტივი, მთავარი მამოძრავებელი არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. ჩვენ პარტნიორებთან ვსვამთ კითხვას: რა წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ეროვნული ინტერესები მათ ინტერესებთან? ჩვენი ეროვნული ინტერესი გაცხადებულია და, პირველ რიგში, ის უკავშირდება ჩვენს ქვეყანაში მშვიდობას, სტაბილურობას. ერთნაირად საჭირო და ერთნაირად სავალდებულოა კონსტიტუციის ყველა მუხლის დაცვა. ჩვენ ასე ვუყურებთ. გავაგრძელებთ მუშაობას ბრიტანეთის მხარესთან. გვექნება სხვადასხვა ფორმით კომუნიკაცია. ჩვენც გვყავს დიდ ბრიტანეთში საელჩო, აქაც არის საელჩო და გვაქვს კომუნიკაცია. რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას, ახლა მიჭირს თქმა. ვნახოთ, დაველოდოთ, თუ იქნება რამე კონკრეტული წარმოდგენილი ბრიტანული მხრიდან“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ტელეკომპანიები, „იმედი“ და „პოსტივი“ დაასანქცირა.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია: „დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანი მიიჩნევს: არსებობს გონივრული საფუძველი ეჭვისთვის, რომ „პოსტივი“ და „იმედი“ წარმოადგენენ ჩართულ პირს, რუსეთის სანქციების 2019 წლის რეგულაციების შესაბამისად, შემდეგი საფუძვლით: ავრცელებენ განზრახ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ. აღნიშნული ქმედება მხარს უჭერს ან ხელს უწყობს ისეთ პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც დესტაბილიზაციას ახდენს უკრაინაში, ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. კერძოდ, რეგულარულად ავრცელებენ ისეთს კონტენტს, რომლის მიხედვითაც, უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი ზელენსკი არალეგიტიმურები არიან, უკრაინა არის დასავლეთის „მარიონეტი“, უკრაინა კორუმპირებული ქვეყანაა, უკრაინა და დასავლეთი ცდილობენ საქართველოს დესტაბილიზაციას“.

ამასთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ახსნა-განმარტებისთვის იყო დაბარებული. ელჩს არც საგარეო უწყებაში შესვლამდე და არც საგარეო საქმეთა სამინისტროდან გამოსვლის შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.