მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ და ვცდილობთ, რომ სიმართლე ვთქვათ, ვხედავთ რამხელა თავდასხმის ობიექტები ვხდებით გლობალურად. ვხედავთ იმ პროცესებს, რაც მიდის დონალდ ტრამპის ჩართულობით

მაკა ბოჭორიშვილი

ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ და ვცდილობთ, რომ სიმართლე ვთქვათ ვხედავთ, თუ რამხელა თავდასხმის ობიექტები ვხდებით გლობალურად. ვხედავთ იმ პროცესებს, რაც მიდის დონალდ ტრამპის ჩართულობით, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა დონალდ ტრამპის განცხადების შეფასებისას.

მისივე თქმით, ტრამპის ადმინისტრაციაში მაქსიმალურად ცდილობენ, რომ იმ რეალობის გათვალისწინებით მოხდეს გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, რასაც ჰყავს მოწინააღმდეგეები.

„როდესაც შექმნი ილუზიებს, როდესაც იწყებ არარეალურ სამყაროში მოქმედების განხორციელებას, რისი ნაწილიც ჩვენც გაგვხადეს იმ არარეალური სურათების შექმნით საქართველოს გარშემო, ძალიან რთულია რეალური სურათი დაინახო და გაუსწორო თვალი“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები უმადურობაში დაადანაშაულა. საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Social გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა დაწერა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი „სასტიკი და საშინელია“ და აშშ-სა და უკრაინაში სწორი ლიდერების არსებობის შემთხვევაში არასოდეს მოხდებოდა.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კი აცხადებს, რომ ევროკავშირმა რუსეთს ენერგიისა და ნავთობის იმპორტისთვის 142 მილიარდი დოლარით მეტი გადაუხადა, ვიდრე უკრაინას გამოუყო რუსეთის შეჭრიდან დღემდე.