მაკა ბოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერს და საგარეო საქმეთა მინისტრს, შეიხ აბდულა ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანს შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი

გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერს და საგარეო საქმეთა მინისტრს, შეიხ აბდულა ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანს შეხვდა.

შეხვედრისას მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის მეგობრული და პარტნიორული კავშირები ინტენსიურად ვითარდება როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

დადებითად შეფასდა მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლა. მათ შორის, განსაკუთებით აღინიშნა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანის ვიზიტი საქართველოში, რომლის ფარგლებშიც გამოითქვა არაბთა გაერთიანებული საამიროების მხარის მზაობა, განახორციელოს საქართველოში მასშტაბური საინვესტიციო პროექტები და განავითაროს თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში.

მინისტრებმა ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობაზე, ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებასა და შუა დერეფნის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ამ მხრივ ყურადღება გამახვილდა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობაზე, მიმზიდველ საინვესტიციო კლიმატსა და ბიზნესისთვის ხელსაყრელ გარემოზე.

მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებასა და კიდევ უფრო გააქტიურებასთან დაკავშირებით.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.