მაია ბითაძე ტულსი გაბარდის განცხადებაზე: რაზედაც ჩვენ უკვე წლებია ვსაუბრობთ, ეს ყველაფერი დასტურდება იმ განცხადებებით, რომელიც მათ შორის აშშ-დან ისმის

მაია ბითაძე

ერთმნიშვნელოვანია ის, რომ რაზედაც ჩვენ უკვე წლებია ვსაუბრობთ, ეს ყველაფერი დასტურდება იმ განცხადებებით, რომელიც მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიდან ისმის, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ.

დეპუტატი გამოეხმაურა აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის განცხადებას.

„აქ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ის პოზიცია, რაც ჩვენ გვაქვს - ჩვენი სუვერენიტეტის, ჩვენი მედეგობის შენარჩუნების და ჩვენი საგარეო და საშინაო ინტერესების დაცვის კუთხით, ეს იყოს შენარჩუნებული. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოსახლეობამ კიდევ ერთხელ კარგად აღიქვას ის, რომ ჩვენ არ ვართ თავდაცვის რეჟიმში, ჩვენ ვართ უბრალოდ იმ რეჟიმში, რასაც ჰქვია იმ სუვერენიტეტის შენარჩუნება, რომლის მაგვარი სუვერენიტეტი ჩვენ საუკუნეებია არ გვქონია. საქართველო თავის სიტყვას ამბობს დიდ გეოპოლიტიკურ თამაშში. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ შეიძლება გავაკეთოთ, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ვიცით, რომ მართლები ვართ, რაც დასტურდება არამხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებიდან მაღალი თანამდებობის პირების მიერ გაჟღერებულ განცხადებებში, არამედ ევროპარლამენტარების მხრიდანაც, რაც დებატებზე თვალნათელი იყო, ეს არის ჩვენი ამ მშვიდი პოლიტიკის შენარჩუნება, რომელმაც საბოლოო ჯამში უნდა გაგვიღოს ის ფანჯარა, რასაც ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია ჰქვია“, - აღნიშნა ბითაძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტულსი გაბარდი აცხადებს, რომ „დიფ სთეითისა“ და მისი პროპაგანდისტული მედიის მიზანია, უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად დონალდ ტრამპის მცდელობებს ძირი გამოუთხარონ. როგორც გაბარდმა აღნიშნა, „ნატო-სა და ევროკავშირს რეალურად სურთ, შეერთებული შტატების სამხედროები პირდაპირ რუსეთთან ომში ჩაითრიონ“. ამასთან, მისივე თქმით, რუსეთს ამჟამად არ აქვს მთელი უკრაინის დაპყრობისა და ოკუპაციის შესაძლებლობა.