ახალი რეგულაცია მძღოლებისთვის, რომელიც 1 ივნისიდან ამოქმედდება
1748721263
მადლობას გიხდით ყველა იმ პოლიციელს, ვინც ღირსეულად ატარებთ მუნდირს და მზად ხართ დაუფიქრებლად გასწიროთ საკუთარი სიცოცხლე სხვათა გადასარჩენად; მადლობა იმისთვის, რომ ყოველთვის ბრძოლის წინა ხაზზე ხართ, ქმნით ჩვენი მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემოს, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მშვიდობა, წესრიგის დაცვა და სტაბილურობა ფუნდამენტური მნიშვნელობისაა სახელმწიფოსთვის.
„მოგესალმებით, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ,
ბატონო მინისტრო, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებების წარმომადგენლებო, ქალბატონებო და ბატონებო.
განსაკუთრებით მივესალმები ჩვენს ძვირფას პოლიციელებს და სისტემაში მომუშავე პროფესიონალებს, გმირებს რომელთა დაუღალავი შრომა, სიფხიზლე და თავდადება უზრუნველყოფს ჩვენი და ჩვენი შვილების გარანტირებულ, უსაფრთხო მომავალს.
დღევანდელი დღე არის სიმბოლური ხაზგასმა იმისა, რომ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა და ქვეყანაში წესრიგის დამყარება თითოეული თქვენგანის დაუღალავ შრომაზე დგას, რაც ქვეყნის სტაბილურობისა და განვითარებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის არის.
მადლობას გიხდით ყველა იმ პოლიციელს, ვინც ღირსეულად ატარებთ მუნდირს და მზად ხართ დაუფიქრებლად გასწიროთ საკუთარი სიცოცხლე სხვათა გადასარჩენად; მადლობა იმისთვის, რომ ყოველთვის ბრძოლის წინა ხაზზე ხართ, ქმნით ჩვენი მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემოს, იცავთ საქართველოს საზღვრებს, ებრძვით სტიქიებს. მადლობა სამშობლოს ერთგული სამსახურისთვის!
საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა და წესრიგის დაცვა პოლიციელის პროფესიული ვალია. თუმცა, სამწუხაროდ გვაქვს შემთხვევები, როდესაც პროფესიული მოვალეობის შესრულებას ჩვენი ღირსეული პოლიციელების სიცოცხლე ეწირება. პატივს მივაგებ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული თითოეული ქართველი პოლიციელის ხსოვნას.
მშვიდობა, წესრიგის დაცვა და სტაბილურობა ფუნდამენტური მნიშვნელობისაა ჩვენი სახელმწიფოსთვის. სწორედ ამაზე დგას ქვეყნის განვითარება – ეკონომიკური წინსვლა და სოციალური კეთილდღეობა.
ამიტომაც არის ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეების მიერ მიზანში ამოღებული წესრიგისა და სტაბილურობის, შესაბამისად სახელმწიფოებრიობის შერყევა. დარწმუნებული ვარ, თქვენი დაუღალავი შრომითა და თავდადებით, მსგავსი მცდელობები მომავალშიც ისეთივე წარუმატებელი იქნება, როგორც აქამდე.
ჩვენო საამაყო პოლიციელებო, თქვენ ხართ ადამიანები, ვინც სირთულეების მიუხედავად, სრულფასოვნად ართმევთ თავს ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მიერ დაკისრებულ მოვალეობას - დაიცვათ წესრიგი ქვეყანაში და ჩვენი თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ბოლომდე რჩებით პოლიციელის პროფესიისა და ფიცის ერთგული!
ყველას გილოცავთ ქართული პოლიციისა და პოლიციელთა პროფესიულ დღეს!გისურვებთ ერთიან, ძლიერ და წარმატებულ საქართველოში ცხოვრებას.ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოს და თქვენი მფარველი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.