ლევან წურწუმიამ პორტუგალიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

ლევან წურწუმია

პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ლევან წურწუმიამ პორტუგალიის პრეზიდენტს მარსელო რებელო დე სოუზას რწმუნებათა სიგელები გადასცა.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის რეზიდენციაში, ბელემის ეროვნულ სასახლეში გაიმართა.

„რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდგომ პორტუგალიის პრეზიდენტისა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. პრეზიდენტმა მარსელო რებელო დე სოუზამ წარმატებები უსურვა საქართველოს ელჩს მის მომავალ საქმიანობაში.

თავის მხრივ, საქართველოს ელჩმა დაადასტურა საქართველოსა და პორტუგალიას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების სურვილი და მზაობა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებსა და რეგიონში არსებულ ვითარებას.

პორტუგალიის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ფარგლებში ბელემის ეროვნული სასახლის ეზოში გაიმართა სამხედრო აღლუმი, რომლის დროსაც სამხედრო ორკესტრმა საქართველოსა და პორტუგალიის ეროვნული ჰიმნები შეასრულა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.