1748675716
ლევან სანიკიძე პოლონეთისა და საფრანგეთის საელჩოების მიმართვაზე: როცა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ეძახი "დიფ სთეითის" მართულებს, შესაბამისი განცხადებებიც მოდის

ვაიმარის სამკუთხედის წევრი პოლონეთის და საფრანგეთის საელჩოების განცხადება ისევ პოლიტიკური შეფასებების თემაა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ მსგავსი განცხადებები "ქართული ოცნების" ანტიდასავლური რიტორიკის შედეგია.
"ნორმალურ ქვეყანაში, თუკი მოგვეცემოდა საშუალება, რომ ვიცხოვროთ და განვვითარდეთ, არავითარი ამ ტიპის განცხადებები არ იქნებოდა, დამატებით ინვესტიციებზე იქნებოდა საუბარი, ევროკავშირთან გვექნებოდა მოლაპარაკებების ფაზა გახსნილი და გვექნებოდა წვდომა მილიარდიან ფონდებზე. როცა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ეძახი "დიფ სთეითის" მართულებს, შესაბამისი განცხადებებიც მოდის. ამის შემდეგ რა მოხდება, რომის პაპი მოუწოდებს, რომ იტალიიდან საქართველოში ტურისტები ჩამოვიდნენ თუ პოლონეთში ტუსკი და კაჩინსკი გააკეთებენ განცხადებებს, რომ ეკვეთონ საქართველოს ტურისტულ საზღვრებს?" - აცხადებს კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან სანიკიძე.
კოალიცია "ლელო-ძლიერი საქართველოს" წევრის, ირაკლი კუპრაძის თქმით, სწორედ "ქართული ოცნების" პოლიტიკა იწვევს დამატებით პრობლემებს ჩვენს პარტნიორ მეგობარ ქვეყნებთან.
"ქართული ოცნების" პოლიტიკა ამ თვეების და წლების განმავლობაში განსაკუთრებულად იწვევს დამატებით პრობლემებს ჩვენს პარტნიორ მეგობარ ქვეყნებთან. ნებისმიერი ტიპის გაუგებრობა, განცხადება, მოწოდება, რომელიც კეთდება ხოლმე, სავარაუდოდ, ემთხვევა მათ ინტერესებს, რომელიც გამოწვეულია "ქართული ოცნების" ძალადობრივი, ანტიევროპული პოლიტიკის გათვალისწინებით," - აცხადებს ირაკლი კუპრაძე.