ლევან მახაშვილი: ზოგიერთი ევროპული მთავრობა მთლიანად არის აცდენილი საკუთარი მოსახლეობის სურვილებს, ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჭკუა ასწავლონ, საკუთარ ქვეყანას მიხედონ

ლევან მახაშვილი

ზოგიერთი ევროპული მთავრობა მთლიანად არის აცდენილი საკუთარი მოსახლეობის სურვილებს, რეალობას მოწყვეტილია, მათ შორის იმ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას, რომელიც მსოფლიოში ჯერ კიდევ ყალიბდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ნაცვლად იმისა, რომ მათ საკუთარი მოსახლეობის განწყობებსა და მაჯისცემაზე ედოთ ხელი, აბსოლუტურად გაუაზრებელი და აბსურდული დღის წესრიგი აქვთ.

„ის, რაც დღეს, მათ შორის, ბრიტანეთის მთავრობაში ხდება, ამის კარგი დემონსტრირებაა. როდესაც შენ მოწყვეტილი ხარ საკუთარ მოსახლეობას, ადრე თუ გვიან დადგები მსგავსი ტიპის კრიზისის ფონზე. ამიტომ, ნაცვლად საქართველოს საქმეებში ხელების ფათურისა, ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობას თუ ხელისუფლებას ჭკუა ასწავლონ და გაკვეთილები წაუკითხონ ზოგად ფასეულობებზე, საკუთარ ქვეყანას მიხედონ. ასე თავისი ქვეყნისთვისაც მეტ სიკეთეს გააკეთებენ და საქართველო-ბრიტანეთის ურთიერთობებისთვისაც უფრო კარგს გააკეთებენ“, – განაცხადა მახაშვილმა.