ლევან მახაშვილი ყულევის პორტთან დაკავშირებით ფიშერის განცხადებაზე: როდესაც სიმართლე ირკვევა და ტყუილში ამხელენ, იმის სიმამაცეც არ ჰყოფნის, რომ გულწრფელად მოინანიოს და ბოდიში მოიხადოს

ლევან მახაშვილი

როდესაც სიმართლე ირკვევა და ტყუილში ამხელენ, იმის სიმამაცეც არ ჰყოფნის, რომ გულწრფელად მოინანიოს და ბოდიში მოიხადოს, მაგრამ სამწუხაროდ ისევ იმავეს გააგრძელებს, ისევ ვიხილავთ ამ ადამიანისგან ტყუილების გავრცელებას, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ყულევის პორტთან დაკავშირებით გერმანიის ელჩის განცხადებაზე.

როგორც მახაშვილმა აღნიშნა, გერმანიის ელჩი ტყუილებს ავრცელებდა.

„ფაქტი იყო ერთი, რომ ეს ადამიანი გამოიჭირეთ ტყუილში და ახლა ცდილობს ამ რეალობას გაექცეს. მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ადამიანი ავრცელებდა ტყუილებს და ავრცელებდა მაშინ, როდესაც ეს არც ევალებოდა, არც ვალდებული იყო“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

ყულევის პორტთან დაკავშირებით გერმანიის ელჩი ტელეკომპანია „იმედს“ და სხვა მედიასაშუალებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება. მიუხედავად იმისა, რომ სასანქციო პაკეტიდან ყულევი ამოღებულია, ისევ ირწმუნება, რომ სანქციების გვერდის ავლის მტკიცებულებები არსებობს, თუმცა არ აქვეყნებს. მივმართეთ კითხვით საელჩოს, ველოდებით პასუხს.