ლევან მახაშვილი: ვინც ამ დისკუსიებში შემოვა, რეალურად გამოაჩენს თავის სახეს, მათი მიზანი რეალურად არის თუ არა ქვეყანაზე ზრუნვა, თუ პირიქით - პოლიტიკის მაქსიმალური რადიკალიზაცია და ამ ქვეყნის გაწირვა ცუდი სცენარებისთვის

ლევან მახაშვილი

ყველა ვინც ამ დისკუსიებში შემოვა, რეალურად გამოაჩენს თავის სახეს, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა დებატების საჭიროების თემაზე საუბრისას.

მან აღნიშნა, რომ უკვე გაისმა ამ თემაზე ნეგატიური შეფასებები.

„ჩვენ უკვე მოვისმინეთ ზოგიერთი ნეგატიური შეფასება ზოგიერთო რადიკალისგან, რაც ბუნებრივიც არის მათთვის, მათი დღის წესრიგი არის რადიკალიზმი და ექსტრემიზმი. ამიტომ დებატები მათთვის ერთგვარი სასიკვდილო განაჩენი იქნება, მაგრამ არც საზოგადოებას, არც ჩვენ რადიკალებთან, ექსტრემისტებთან და პოლიტიკურ ტერორისტებთან ბუნებრივია, სასაუბრო არ გვაქვს. ეს ინიციატივა ეხება ყველა იმ გულანთებულ ადამიანს, ვისთვისაც ქვეყნის უკეთესი მომავალი არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ამ ტიპის დისკუსიებისთვის მზად ვართ. ყველა, ვინც ამ დისკუსიებში შემოვა, რეალურად გამოაჩენს თავის სახეს, მათი მიზანი რეალურად არის თუ არა ქვეყანაზე, ქვეყნის უკეთეს მომავალზე ზრუნვა, თუ პირიქით - პოლიტიკის მაქსიმალური რადიკალიზაცია და ამ ქვეყნის გაწირვა ცუდი სცენარებისთვის“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დებატების ინიციატივით გამოვიდა. „ჩვენ უნდა დავაბრუნოთ საჯარო დისკუსია საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც სრულყოფილი დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია", - განაცხადა მან. პრემიერმა აღნიშნულ თემაზე აღნიშნულ თემაზე ასევე ისაუბრა გადაცემაში „იმედი LIVE“. „მთავარია, შედგეს ჯანსაღი ფორმატის დებატები, ეს პირველ რიგში მედიის გადასაწყვეტია, რა ფორმით წარიმართება დისკუსიები საჯარო სივრცეში, ჩვენ მზად ვართ კონსულტაციებისთვის“, - აღნიშნა მან.