ლევან მახაშვილი: როდესაც გეუბნებიან, დააწესე ეკონომიკური სანქციები რუსეთის მიმართ, კონკრეტულ შედეგებში ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკურ ომს უცხადებ რუსეთს. ეკონომიკური ომის გამოცხადება სად მიიყვანს ქვეყანას, კარგად იცის ყველამ

ლევან მახაშვილი

როდესაც გეუბნებიან, დააწესე ეკონომიკური სანქციები რუსეთის მიმართ, კონკრეტულ შედეგებში ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკურ ომს უცხადებ რუსეთს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.

მახაშვილის თქმით, უკრაინის ომიდან ოთხი წელი გავიდა და ყველამ დაინახა ვინ, რომელი ქვეყანა რას აკეთებდა.

„იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი რეგიონები კვლავ რუსული ოკუპაციის ქვეშ არის და გასაგებია, რომ მნიშვნელოვანი გამოწვევებია ამ მიმართულებით, იმის გათვალისწინებით რა შესაძლებლობები აქვს ჩვენს ქვეყანას, რა საფრთხეების, რისკის წინაშე დგას, დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველომ გააკეთა იმაზე მეტი, ვიდრე შეეძლო რომ გაეკეთებინა ჩვენს ქვეყანას.

წავიდა იმაზე მეტ რისკზე, ვიდრე შესაძლოა ჩვენნაირი ტიპის, ჩვენნაირი გამოწვევების სახელმწიფო წასულიყო ამ რისკზე და წავიდა ერთი ძალიან მარტივი მიზეზის გამო, უკრაინელების მხარდაჭერის გამო. ჩემმა კოლეგებმაც აღნიშნეს, ეს არც ზელენსკის, არც ბრიტანეთის ან რომელიმე ევროპული სახელმწიფოს გამო, უკრაინელების გამო, ოღონდ მეორე მხარეს დევს რაღაც ზღვარი. ზღვარი, რომლის იქითაც შესაძლოა გამოუსწორებელი შედეგი დადგეს საქართველოს მოსახლეობისთვის.
თავი რომ დავანებოთ მეორე ფრონტის გახსნას, რომელიც ყბადაღებული თემაა, მაგრამ ძალიან მარტივია, როდესაც შენ გეუბნებიან, რომ დააწესე ეკონომიკური სანქციები რუსეთის მიმართ, კონკრეტულ შედეგებში ეს რას ნიშნავს. ეს ნიშნავს, რომ შენ, ქვეყანა ეკონომიკურ ომს უცხადებ რუსეთს. პირდაპირ რუსეთის მოსაზღვრე ქვეყანა ვართ, ოკუპირებული აქვთ ჩვენი რეგიონები, მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გამოწვევებს გვიქმნის და რას ვაკეთებთ - ეკონომიკურ ომს ვუცხადებთ რუსეთს. თან როდის, არც ევროკავშირის წევრები ვართ, რომ რაღაც დაცვა გვქონდეს ეკონომიკური სოლიდარობის ნაწილში, არც ნატო-ს წევრი სახელმწიფო ვართ“, - აღნიშნა მან.

ლევან მახაშვილის თქმითვე, ეკონომიკური ომის გამოცხადება სად მიიყვანს ქვეყანას, კარგად იცის ყველამ და ეს ჩვენ გავლილი გვაქვს.

„ეს არის ყველაზე გასაოგნებელი, განსაკუთრებით ამ ელჩებზეა საუბარი იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ მათ ძალიან კარგად ესმით ის კონტექსტი, რა კონტექსტშიც საქართველო ფაქტობრივად გადარჩენისთვის იბრძვის და ის სიმძიმე, რა სიმძიმეც გასული ოთხი წლის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ გაიარა. ამიტომ არის დასანანი, რომ დღემდე მათგან გვესმის ეს განცხადებები. მე აღარ მრჩება აღარანაირი კითხვის ნიშანი გარდა იმისა, რომ ისიც და როგორც ჩანს მისი ქვეყნებიც შეგნებულად მოუწოდებენ საქართველოს, რომ წავიდეს ეკონომიკურ ომზე რუსეთთან. ეკონომიკური ომის გამოცხადება სად მიიყვანს ქვეყანას, კარგად იცის ყველამ და ეს ჩვენ გავლილი გვაქვს. ამიტომ ვამბობთ, მეორე ფრონტი, აგდებულად რომ საუბრობენ ვინ გეუბნებოდათ მეორე ფრონტზე, უკაცრავად მაგრამ როდესაც ეკონომიკურ ომს უცხადებ რუსეთს, როდესაც საზღვრებს უკეტავ, ცას კეტავ, მებრძოლ მოხალისეებს აგზავნი სამთავრობო თვითმფრინავებით უკრაინაში, რას აკეთებ აბა. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ლარსზე შეგვხდებიან, ხელს ჩამოგვართმევენ, ყავას ერთად დავლევთ და დავიშლებით ბედნიერად? რა თქმა უნდა, ეს არის სამხედრო ესკალაციისკენ ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგმული, რომლის დასასრული კარგად ვიცით. ეს გზა ტაძრამდე ნამდვილად არ მიიყვანს ამ ქვეყანას“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

რუსეთ-უკრაინის ომის მეოთხე წლისთავზე საქართველოში საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩები ერთობლივ სტატიას აქვეყნებენ. სამი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობა დეზინფორმაციას უწოდებს განცხადებებს იმის შესახებ, რომ საქართველოს ამ კონფლიქტში მეორე ფრონტის გახსნისკენ მოუწოდებდნენ.