„სახლში ყველა ფანჯარამ დაიწყო ზანზარი...“ - ბოლო ცნობები ირანიდან
1772742455
2018 წლიდან ნუშის ყოველ აყვავებაზე თავიდან ერთიანდებიან, ცდილობენ საზოგადოებას წარმოუჩინონ თითქოს ახალი ძალაა, თუმცა ფაქტია მათი სტრატეგია არ შეცვლილა, დასაწყისიდან დღემდე მიზანი არის ქვეყანაში არასტაბილურობის შემოტანა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ოპოზიციურ ალიანსზე საუბრისას.
მისივე თქმით, უცვლელი სცენარით და ძველი გზავნილებით ოპოზიცია წლებია საზოგადოებაში ემოციების გამოწვევას ცდილობს.
„შევხედოთ რეალურად ვინ არიან ეს ადამიანები - „ნაციონალური მოძრაობის“ მთელი მთავრობა, გენპროკურორი, მინისტრის მოადგილეები, სააკაშვილის იდეოლოგიური ხელმძღვანელობით. ერთი მხრივ ყოველთვის ველით მათგან დესტრუქციას და არასტაბილურობის გამოწვევის მცდელობას, მაგრამ მეორე მხრივ გაიზარდა საზოგადოება, ყველა ხედავს რას უნდა ელოდნენ ამ ადამიანებისგან. იგივე ადამიანები, იგივე გზავნილებით ცდილობენ საზოგადოებაში ემოციების გამოწვევას. ეს არის დანაშაულებრივი ჯგუფი, კრიმინალური მენტალიტეტის და წარსულის მქონე ჯგუფი, რომლებიც დღემდე არიან დაკავებული იმით, რომ ქვეყანა ჩაითრიონ ამ პროცესში [არეულობა]. საზოგადოებამ იმდენჯერ ნახა ეს ყველაფერი დარწმუნებული ვარ ომის მოსურნეებს არ გაჰყვება[საპროტესტო აქციებზე]“, - განაცხადა მახაშვილმა.
ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ გაზრდილი გარე საფრთხეების ფონზე ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რათა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა აქტივობებმა ქვეყანას სერიოზული საფრთხეები არ შეუქმნას.
„პოლიტიკურ სექტასავით ჩამოყალიბდნენ უკვე ეს ადამიანები [ოპოზიციის მხარდამჭერები], კი ბატონო სჯეროდეთ. აქ მთავარი არის ის, რომ არ გადადგან ისეთი ნაბიჯები, რომლებიც კონსტიტუციურ წყობილებას, კანონს დაარღვევს და რაც მთავარია სახელმწიფოს შეუქმნის არასტაბილურობის რისკებს. იმის იქით, თუ რამის გაპროტესტება უნდათ გააკეთონ რაც უნდათ. ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, განსაკუთრებით ასეთი გარე საფრთხეების ფონზე, რომ ამ ტიპის პოლიტიკურმა აქტივობებმა არ შექმნას სერიოზული საფრთხეები ქვეყნისთვის“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.