ნოროვირუსული ინფექცია - რა სიმპტომები აქვს და როგორ დავიცვათ თავი
1790010211
ბრიუსელში ვიზიტი ხელს შეუწყობს იმ გზას, რასაც ჰქვია სრულფასოვან ჩარჩოებში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დაბრუნება, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მახაშვილის თქმით, ვიზიტისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ბრიუსელთან ურთიერთობას.
„ეს არის გამორჩეული ვიზიტი. ეს არის ერთგვარი დასაწყისი იმ გზის, ყინულის ლღობის პროცესის, რასაც ჰქვია ევროკავშირთან სრულფასოვანი ურთიერთობების აღდგენა. საზოგადოებამ იცის, რომ ჩემს კოლეგებთან ერთად არაერთი ვიზიტი გაიმართა, მათ შორის ბელგიაში, მაგრამ ამჯერად, უმაღლეს დონეზე შედგება ორმხრივი ვიზიტი. ორმხრივი ურთიერთობების გარდა, რაც ჩვენ გვაკავშირებს ბელგიასთან, ლუქსემბურგთან, ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ბრიუსელთან ურთიერთობას, რადგან მეტწილად, ეს ურთიერთობები განისაზღვრება ხოლმე საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობებითაც. ჩვენ იმ პრობლემატიკაზე ვისაუბრებთ, რამაც შეაფერხა და გააფუჭა საქართველო-ბრიუსელის ურთიერთობები. ვიხედებით წინ, ბელგიის და ლუქსემბურგის მხარეს. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ურთიერთობების ხელახლა აღდგენას. ჩვენ ერთმანეთს კარი არ უნდა დავუხუროთ და ვისაუბროთ იმაზე, რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას, რომ ეს ურთიერთობა აღდგეს. ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს იმ გზას, რასაც ჰქვია სრულფასოვან ჩარჩოებში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დაბრუნება“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ბელგიის სამეფოს დედაქალაქ ბრიუსელში იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, შედიან: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე; პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.