ლევან მაჭავარიანი: როდესაც რუსეთმა განახორციელა აგრესია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, მაშინ გლობალური ძალების დღის წესრიგში არ იდგა რუსეთის „გაშავება", აგენტურაც იმგვარად იქცეოდა, როგორიც იყო დავალება. რაც აგრესია განხორციელდა უკრაინაზე, უკვე სხვა მესიჯბოქსი მიიღო აგენტურამ

ლევან მაჭავარიანი

როდესაც რუსეთმა განახორციელა აგრესია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, მაშინ გლობალური ძალების მხრიდან დღის წესრიგში არ იდგა რუსეთის გაშავება და ამაზე ყველაზე კარგად მეტყველებს, [აგვისტოს ომიდან] სულ რამდენიმე ხანში გადატვირთვა ურთიერთობის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის. ასევე, სულ რამდენიმე თვეში, როდესაც ალუმი იმართებოდა მოსკოვში, ევროკავშირის წამყვანი ქვეყნის ლიდერები იმყოფებოდნენ იქ და შესაბამისად, აგენტურასაც დავალება სხვანაირად ჰქონდა ჩაშლილი და იმგვარად იქცეოდნენ, როგორიც იყო დავალება, მათ უფლება არ აქვთ, რომ სხვანაირად იფიქრონ და სხვა რიტორიკით გაავრცელონ ნარატივი, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა. 

მისი განცხადებით, ახლანდელი ოპოზიცია, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ ხელისუფლებაში იყო, რუსებს საზღვარზე ხვდებობდა, ასევე, რუსულ კომპანიებს გადაუფორმეს საქართველოს სტრატეგიული ობიექტები და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლადაც გადამწყვეტი ხმა მისცეს რუსეთს. მაჭავარიანის განმარტებით, როდესაც გარე ძალების დღის წესრიგი შეიცვალა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, შეიცვალა ქართული ოპოზიციის რიტორიკაც, რომლებიც სწორედ გარე აქტორების მითითებებსა და კარნახზე არიან დამოკიდებული.

„ისინი ხვდებოდნენ საზღვარზე რუსებს, ამბობდნენ, რომ რუსი ტურისტები არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, გადააფორმეს ჩვენი სტრატეგიული ობიექტები რუსეთის სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულ კომპანიებს, სხვათა შორის, რუსეთს მისცეს გადამწყვეტი ხმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად და ა.შ.. ასევე, ის სამარცხვინო რეზოლუცია, რაზეც ხელი მოაწერეს და ჩვენს გმირ სამხედროებს დააბრალეს ომის დაწყება და ომის დანაშაულების ჩადენა.

ხოლო, როდესაც დღის წესრიგი შეიცვალა და გლობალური ძალებისთვის უკვე მნიშვნელოვანი გახდა რუსების და რუსეთის გაშავება, მანდ უკვე სხვა მესიჯბოქსი მიიღო აგენტურამ და ეს მესიჯბოქსი ჩაიშალა მას შემდეგ, რაც აგრესია განხორციელდა უკვე ამ შემთხვევაში უკრაინაზე. შესაბამისად, ეს აგენტურული ოპოზიცია თავის მდიდარ ენჯეოებთან ერთად, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად დამოკიდებული არის გარე ძალების მითითებებზე, კარნახზე, მესიჯბოქსზე და როგორც ეუბნებიან და რასაც ეუბნებიან, ზუსტად იმგვარად მოქმედებენ," - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.