ლევან მაჭავარიანი მსჯავრდებულ დავითაძის საქმეზე: რამდენიმეწუთიან ტყუილთან გვქონდა საქმე - ციხეებში ყველაფერი არის ისე, როგორც საერთაშორისო სტანდარტებს შეეფერება და ვერანაირი ასეთი კამპანია ვერ იმუშავებს

ლევან მაჭავარიანი

 აქაც რამდენიმეწუთიან ტყუილთან გვქონდა საქმე, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა. ის ასე გამოეხმაურა დეზინფორმაციას, თითქოს, №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ ადგილი ჰქონდა სექსუალურ ძალადობას.

მაჭავარიანი აღნიშნავს, რომ საქართველოში ციხეებში ყველაფერი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად არის და ამგვარი კამპანიები ვერ იმუშავებს.

„კამპანიური სახე მიიღო, საია-მაც სხვათა შორის, ტყუილი გააგზავნა გაერო-ს მომხსენებელთან, რომ ჩვენს ციხეებს დაარტყან, თითქოს გაუსაძლისი პირობებია, თითქოს, წამებაა ციხეებში. ციხეებში ყველაფერი არის ისე, როგორც საერთაშორისო სტანდარტებს შეეფერება და ვერანაირი ასეთი კამპანია ვერ იმუშავებს - ერთი დღეც ვერ მუშაობს, დროა, გონს მოეგონ და 15-წუთიან ტყუილებს თავი დაანებონ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა სექსუალურ ძალადობას. პენიტენციურმა სამსახურმა გიორგი დავითაძის 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველ ვიდეოკადრებიც გაასაჯაროვა. მოგვიანებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებით უწყების მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვიდეომასალაში ნათლად ჩანს, რომ არამცთუ ღირსების შემლახავ ფაქტებს, არამედ ძალის გადამეტებასაც კი ადგილი არ ჰქონია. 

✕