1746007492
ლევან დავითაშვილი: ამერიკის შეერთებულ შტატებთან დიალოგი, პირველ რიგში, დავიწყეთ იმ პირებთან, რომლებსაც კონკრეტულად აქვთ პასუხისმგებლობა საქართველოსა და რეგიონის მიმართ

აშშ-ში გამართული ვიზიტის შეფასებისას ლევან დავითაშვილმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ, საქართველოს მთავრობამ, პირველ რიგში, დაიწყო დიალოგი და სამუშაო შეხვედრები იმ ადამიანებთან, ვისაც უშუალოდ რეგიონი აბარია და რეგიონის სპეციფიკა იციან. პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, დიალოგის ასე დაწყება ყველაზე უფრო შედეგიანი და პროდუქტიულია.
"მეორე ნაწილი არის ის, რომ, რა თქმა უნდა, იქნება შეხვედრები უმაღლესი პოლიტიკური პირების დონეზე, თუმცა, იცით, რომ დღეს ამერიკის შეერთებული შტატები ახალ პოლიტიკას აყალიბებს, ასევე თანამდებობის პირები უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობებზე ჯერ კიდევ დანიშვნის პროცესში არიან, მათ უნდა გაიარონ კონგრესის შესაბამისი პროცედურები და ეს ალბათ რამდენიმე თვეში დასრულდება. ასე რომ, ჩვენ გვექნება საშემოდგომო ვიზიტი, როდესაც იქნება საშემოდგომო სესიები",- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
მისივე თქმით, შეიძლება მიზანშეწონილი იყოს, რომ პარალელურად გაიმართოს და კიდევ უფრო გაღრმავდეს დიალოგი პარტნიორებთან, მათ შორის, დაიგეგმოს მაღალი დონის შეხვედრები.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევხვედროდით კონკრეტულ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს და ასევე იმ პირებს, რომლებსაც კონკრეტულად აქვს პასუხისმგებლობა საქართველოს და რეგიონის მიმართ - ჩვენ მოვახერხეთ მნიშვნელოვან ადამიანებთან კომუნიკაცია, დიალოგი დაწყებულია და ვფიქრობ, რომ არის ძალიან პოზიტიური", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა