1769284719
ლაშა ფარულავა: ვმუშაობთ სამოქმედო გეგმაზე, რომელშიც ჩართული არიან საზოგადოებრივი ჯგუფებიც და ვამზადებთ დოკუმენტს, გახარიას გუნდმა თავად გაირიყა თავი, დანარჩენი ყველა იღებს მონაწილეობას
დემოკრატიული ოპოზიცია და საზოგადოება ერთიანდება ორ მთავარ მოთხოვნაში, პატიმრების გათავისუფლება, რეპრესიისა და ტერორის შეწყვეტა და ახალი თავისუფალი არჩევნები რეჟიმის გარეშე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა კონკრეტული მოქმედება.
ამასთან, როგორც ლაშა ფარულავამ აღნიშნა, დოკუმენტის მომზადების პროცესში ჩართული არ არიან გახარიას პარტიის წარმომადგენლები.
„ვმუშაობთ სამოქმედო გეგმაზე, როგორ მივიდეთ ამ მიზნამდე მშვიდობიანად. არა მხოლოდ პოლიტიკური ძალები, არამედ საზოგადოებრივი ჯგუფებიც არიან ჩართული და ვამზადებთ დოკუმენტს. ეს არ იქნება მხოლოდ დოკუმენტი, ეს იქნება კონკრეტული გეგმა, როგორ მივდივართ მიზნისკენ. არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც უბრალოდ არ არიან ჩართულები, თვითონ გადაწყვიტეს ასე და გაირიყეს თავი. ვგულისხმობ გახარიას პოლიტიკურ გუნდს, დანარჩენი ყველა იღებს მონაწილეობას“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.











