კანონის მიხედვით, ყველამ ანგარიში უნდა ჩააბაროს ქვეყანას და საზოგადოებას, მათ შორის მათ, ვინც გადაიტანეს თავისი რეგისტრაცია საზღვარგარეთ - საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა თანხა შემოდის და რაში იხარჯება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს არის შავი ფული - გიორგი ვოლსკი

გია ვოლსკი

არანაირი წინააღმდეგობა ჩვენი პროგრამების დაფინანსებისა არ გვაქვს, პირიქით, მივესალმებით ყველანაირ დახმარებას, მათ შორის, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების პროგრამებით ხორციელდება. 600-მდე თუ უფრო მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია დარეგისტრირდა ამ გამჭვირვალობის კანონის მიხედვით. "ფარას" კანონის მიხედვით, ყველამ ანგარიში უნდა ჩააბაროს ქვეყანას და საზოგადოებას, მათ შორის მათ, ვინც გადაიტანეს თავისი ანგარიშები და რეგისტრაცია საზღვარგარეთ,  - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ, განაცხადა, რომელიც ევროკომისიის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა არასამთავრობოებისთვის 8 მილიარდი ევროს გამოყოფასთან დაკავშირებით.

მისი განცხადებით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა თანხა შემოდის ქვეყანაში და რაში იხარჯება, სხვა შემთხვევაში, ეს არის შავი ფული. რაც შეეხება მარტა კოსის და "საქართველოს მოძულე სხვა ადამიანების" განცხადებებს, ვოლსკის თქმით, ამ კრიტიკის მიუხედავად, სახელმწიფო გაუმკლავდება შავი ფულის შემოტანის მცდელობებს სწორედ იმ კანონებით, რაც განვითარებულ დემოკრატიებში ჩვეულებრივ სტანდარტად მიიჩნევა.

"ამ პრინციპზე ვდგავართ. რასაკვირველია, აქედან უკან არ დავიხევთ, მიუხედავად მარტა კოსის თუ სხვა საქართველოს მოძულე ადამიანთა კრიტიკისა. არსებობს სისტემა, არსებობს კანონი და ამ კანონს უნდა ადავემორჩილოთ, როგორც ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა თანხა შემოდის და რაში იხარჯება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს არის შავი ფული. მარტა კოსის განცხადება შემაძრწუნებელია, გვეუბნება, რომ დიახაც, შავი ფული უნდა შემოვიტანო და დიახაც, უნდა მოვძებნოთ გზები, ისე დავაფინანსოთ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომ კონტროლი არ იყოს. ეს არის პრობლემა, მაგრამ, რასაკვირველია, ამ პრობლემას გავუმკლავდებით იმ სისტემის და კანონების მეშვეობით, რომელიც განვითარებულ დემოკრატიებში აბსოლუტურად ჩვეულებრივი სტანდარტია. ასე რომ, ნურავინ ეცდება, რომ შემოიტანოს თანხა და ჩადოს იმ ექსტრემიზმის განვითარებაში, რომელიც, სამწუხაროდ, ვიხილეთ თბილისის ქუჩებში და არც ახლა არის გამორიცხული, რომ სწორედ ამ მიზნით ხდებოდეს ამ თანხების კოორდინაცია.USAID -მა რაც შეაჩერა ამ ნგრევის სცენარის დაფინანსება, ეს თავის თავზე აიღო ევროკავშირმა, როდესაც უკრაინაში ასეთი მდგომარეობაა შექმნილი." -  განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.