მოსწავლეებმა დეტექტიური რომანისგან შთაგონებული მეთოდი პრაქტიკაში გამოიყენეს და სეიფი გახსნეს

სეიფი

ჩინეთში უფროსკლასელმა მოსწავლეებმა დეტექტიური რომანისგან შთაგონებული მეთოდი პრაქტიკაში გამოიყენეს და სეიფი გახსნეს. ამის შესახებ South China Morning Post წერს.

შენჟენის მეათე კლასის მოსწავლეებმა ბევრი დეტექტიური წიგნი წაიკითხეს და გადაწყვიტეს, მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოეცადათ, რათა საკუთარი სმარტფონები დაებრუნებინათ. მათ ჩვეულებრივი ცარცი გამოიყენეს სეიფის კოდის გასარკვევად, სადაც გაკვეთილების დროს ყველა გაჯეტი ინახება. ერთ-ერთმა მოსწავლემ ციფრებიან პანელს ცარცის მტვრით მოაყარა, რათა გაეგო, რომელ ღილაკებზე ხდებოდა ყველაზე ხშირად დაჭერა. მისმა თანაკლასელმა კი მასწავლებლების თითების ანაბეჭდების კვალის გაანალიზებით პაროლი გამოიცნო და სხვებსაც გაუზიარა.

შედეგად, ოთხმა მოსწავლემ ნებართვის გარეშე აიღო საკუთარი სმარტფონები. ეს „ხუმრობა“ მალევე გამოაშკარავდა. სკოლის ადმინისტრაციამ, რომელიც მოსწავლეების მოწყობილობებს ინახავს, შემთხვევა წესების სერიოზულ დარღვევად მიიჩნია. სამ მოსწავლეს მკაცრი საყვედური გამოუცხადეს, ხოლო ერთმა მხოლოდ გაფრთხილება მიიღო.

„სასჯელი სრულად შეესაბამება ჩვენს შიდა წესებს,“ - განმარტა სკოლის წარმომადგენელმა.  „პრობლემა არა კოდის გატეხვის მცდელობაშია, არამედ ტელეფონების უნებართვოდ აღებაში.“ შემთხვევის შემდეგ პაროლები შეიცვალა, ხოლო სეიფი ახლა მასწავლებლების ოთახში ინახება.