იუსტიციის მინისტრი პაატა სალია საქართველოში ICRC-ის დელეგაციის ახალ ხელმძღვანელს ჯოანა ბარტონს შეხვდა

პაატა სალია

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ახალ ხელმძღვანელ ჯოანა ბარტონთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

მხარეებმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ICRC-ს შორის თანამშრომლობა, ორგანიზაციის საქმიანობა და სამომავლო ერთობლივ პროექტებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

„წლებია, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი საქართველოსთვის საიმედო და კონსტრუქციული პარტნიორია. უაღრესად ვაფასებთ ორგანიზაციის მრავალწლიან ჩართულობას და იმ მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ როლს, რომელსაც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და შეიარაღებული კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების მხარდაჭერის მიმართულებით ასრულებს“, – აღნიშნა პაატა სალიამ.

მხარეებმა იმსჯელეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ICRC-ს მიერ ორგანიზებულ სტუდენტურ პროექტებზე, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდებში ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესახებ ცოდნის გაღრმავებას.

შეხვედრის დასასრულს პაატა სალიამ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებისა და კიდევ უფრო გაძლიერების მზადყოფნა გამოთქვა.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთევან სარაჯიშვილი.

ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.