ალექსანდრე რაქვიაშვილი: ნიკა გვარამია ოპოზიციონერი არ არის, მოსყიდული აფერისტია

ალექსანდრე რაქვიაშვილი

ნიკა გვარამია ოპოზიციონერი არ არის, მოსყიდული აფერისტია. გვარამია არ შეიძლება, იყოს ოპოზიცია. ამას დავამტკიცებთ, ოღონდ დასხდნენ დებატებში, მაგრამ გარბიან, ლაჩრები არიან, – ამის შესახებ „თავისუფალი ხალხის პარტიის“ ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, „ამომრჩეველი და მაყურებელი ვიდრე ამას ვერ გაიგებს, თეთრს და შავს ვერ გაარჩევს, არაფერი ეშველებათ“.

„მთელი ნარატივი, რომელიც აწყობილია მედიაში წლების განმავლობაში, ზოგადად პოლიტიკაში, არის ტყუილი. ტყუილია, რომ ეს ხალხი არიან ოპოზიციონერები და ებრძვიან ბიძინას. როგორ შეიძლება, ებრძოლო ბიძინას იმით, რომ კარგავ ათობით მილიონს, რადგან გადიხარ ბოიკოტში, კარგავ პარტიულ სტრუქტურას, კარგავ რეგიონულ სტრუქტურას, ტრიბუნას, შესაძლებლობას, „ქართულ ოცნებას“ პირდაპირ ედებატო. სად არ ყოფნის „ოცნებას“ ლეგიტიმაცია? რომელი კანონი ვერ მიიღო, რომელი კანონი ვერ აღასრულა, რომელი ადამიანი ვერ ჩასვა, სად უჭირთ ისეთი, რომ ჩვენზე აისახოს ეს? რა დააკლდათ ლეგიტიმაციაში?“,- განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

როგორც რაქვიაშვილმა აღნიშნა, ოფიციალურად, საარჩევნოდ გვარამიამ დახარჯა 10 მილიონი ლარი, რაც არის ტყუილი.

„გვარამიას ჰყავდა ათასობით თანამშრომელი, მარტო 70-ზე მეტი ოფისი ჰქონდა და ასობით თანამშრომელი ოფისებში ეჯდა. ღიად ნათქვამი აქვს, საჯარო ინფორმაციაა, რომ ათასობით თანამშრომელი ჰყავდა. თქვენი აზრით, მთელ საარჩევნო პერიოდზე რამდენი დახარჯა გვარამიამ ხელფასებზე ოფიციალურად? ცესკო-ში ჩაბარებულ გვარამიას ოფიციალურ დოკუმენტში წერია, რომ ორ თვეში ხელფასზე დახარჯული  ჰქონდა 60 ათასი ლარი. ეს არის დაახლოებით ათი თანამშრომლის, თანამშრომელი კი ათასობით ჰყავდა. დოკუმენტი, რაც ცესკო-ში ჩაბარებულია, ტყუილია. მამუკა ხაზარაძემ დათვალა ეს პირველმა და სწორად დათვალა, ჩვენ გადავამოწმეთ და 40 მილიონი მართლაც სწორი იყო. ადამიანმა „ნაცმოძრაობა“ დაშალა, დედა უტირა, გაუნადგურა, აქტივისტები წაართვა, ფული დააკარგვინა, გაანადგურა. ერთი ანი წითლიძე დარჩა ფაქტობრივად „ნაცმოძრაობას“. ჩვენ ვიყავით ერთადერთი პარტია, რომელიც პარლამენტში საქმეს აკეთებდა და სხვები დარბოდნენ. ჩვენ ვიყავით პარტია, რომელმაც არცერთხელ არ გადავლახეთ პრინციპები, პარლამენტში „ნაცმოძრაობის“ და კიდევ სხვა პარტიების დეპუტატები რომ გაიყიდნენ.

ყველა პარტიიდან შეიძლება, დაასახელო ადამიანი, რომელიც მიეყიდა, უპრინციპოდ მოიქცა, ჩვენ გარდა. ბებიები, პენსიონრები რომ 60-60 ათასს სწირავდნენ გვარამიას, არ გაინტერესებთ, ვინ არიან ეს გმირი პენსიონერები, რომლებიც 60 ათასს სწირავენ? უმუშევრები რომ 60-60 ათასს სწირავდნენ, არ გაინტერესებთ, ვინ არიან ეს უმუშევრები? გვარამია არ შეიძლება, იყოს ოპოზიცია. ამას დავამტკიცებთ, ოღონდ დასხდნენ დებატებში და დავუმტკიცებ, მაგრამ გარბიან, ლაჩრები არიან. ერთი მელია ჰყავდათ ცოტა გამბედავი და კი, ცუდად დაუმთავრდა დებატები, მაგრამ დებატებზე მოვიდა მაინც. მეტი გამბედავი და კაცი არავინ არ არის იქ. დებატებზე თუ მოვლენ, პირობას გაძლევთ, დავამტკიცებთ, რომ აფერისტები არიან“, – აღნიშნა რაქვიაშვილმა.