იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „თავდაცვის კოდექსში“ ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

გრიგოლ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „თავდაცვის კოდექსში“ ცვლილება, რომელიც წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვისა და წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ორგანიზებას, ასევე, საქართველოს თავდაცვის ძალებში სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება.

მომხსენებლის, თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, სამხედრო მოსამსახურის მიერ შეთავსებითი საქმიანობის პროცედურული საკითხების დაზუსტების უზრუნველსაყოფად, მიეთითება აღნიშნული საქმიანობის განხორციელებისთვის გაცემული წერილობითი თანხმობის ვადა - ერთი წელი.

ამასთან, თავსებადი საქმიანობის მისაღებად საჭირო ორგანიზაციული საკითხები, როგორიცაა: თანხმობის მისაღებად საჭირო მიმართვის პროცედურები, ვადები და თანხმობის მიღების ფორმები, მოწესრიგდება თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტით.

მისივე თქმით, ტექნიკური ცვლილების თანახმად, „თანამდებობიდან დროებით გათავისუფლების“, ნაცვლად „თანამდებობიდან გათავისუფლება“ მიეთითება.

როგორც გრიგოლ გიორგაძემ აღნიშნა, პირის წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევად გამოძახების ორგანიზაციული საკითხების დაზუსტების მიზნით, განისაზღვრება წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისათვის და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისათვის პირის გამოძახების პროცედურები.

„საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება პირის ოჯახის წევრები, რომლებსაც შეიძლება პირის სამხედროს აღრიცხვაზე აყვანისა და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევი ს შესახებ შეტყობინება/უწყება ჩაბარდეთ.
ცვლილების თანახმად, პირი, რომელიც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სახით გადის, მის მიერ კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში, ავტომატურად იქნება გადაყვანილი 8-თვიან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში, თუ მას არ აქვს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების ან გადავადების უფლება, ასევე მძიმე ოჯახური მდგომარეობა, რაც შესაბამისი დოკუმენტებით დასტურდება“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, პროფესიული სამხედრო სამსახურიდან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გადაყვანილ პირს, კონტრაქტის დარღვევის გამო ჯარიმის გადახდის ვალდებულება 8 თვის ვადით გადაუვადდება, ხოლო სამსახურის დასრულების შემდეგ, ჯარიმის გადახდის ვალდებულება საერთოდ შეუწყდება.

კანონპროექტის თანახმად, განზოგადდება ნორმა და სამხედრო სამსახურში მიღებამდე პირის შერჩევის პროცედურები, საკონტრაქტოს მსგავსად, გავრცელდება ასევე არასაკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეებზე, რაც გულისხმობს: ფიზიკურ, სამედიცინო, ფსიქოლოგიურ და სპეციალურ შემოწმებას, აგრეთვე წინასწარ განზრახულ შემთხვევებში გასაუბრებას.