ნავთობისა და გაზის კორპორაცია აღმოსავლეთ–დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ახალ, 70-კმ-იან მონაკვეთს ააშენებს

ნავთობისა და გაზის კორპორაცია

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია აღმოსავლეთ–დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის „ხაშური–ზესტაფონის“ ახალ 70-კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობას გეგმავს, რომელიც დასავლეთ საქართველოს რეგიონების უწყვეტ გაზმომარაგებას უზრუნველყოფს.

სამშენებლო სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება - თავდაპირველად აშენდება 36 კმ-იანი მონაკვეთი. პროექტის ფარგლებში კორპორაციამ უკვე მოამზადა „ხაშური–ზესტაფონის“ გაზსადენის (36 კმ) პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში (გზშ) და გარემოს ეროვნულ სააგენტოში  წარადგინა შემდეგი გადაწყვეტილების მიზნით.

მილსადენის დარჩენილი მონაკვეთის მშენებლობა მეორე ეტაპზე დასრულდება.

სამშენებლო სამუშაოებს  კონტრაქტორი კომპანია შეასრულებს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი ტენდერის საფუძველზე გამოვლინდება.

მაგისტრალური გაზსადენის ახალი მონაკვეთის მოწყობა ბუნებრივი გაზის სატრანსპორტო ქსელის განვითარების 10-წლიანი სახელმწიფო გეგმის საფუძველზე განხორციელდება.