1692302192
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც საკუთრების უფლების აღიარებას ეხება
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას.
როგორც მომხსენებელმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში, ისევე როგორც სისტემური რეგისტრაციის დროს საკუთრების უფლების აღიარების შემთხვევებში, ასევე სპორადული რეგისტრაციის შემთხვევებშიც, საკუთრების უფლების აღიარება განხორციელდება საფასურის გადახდის გარეშე 2026 წლის 1 იანვრამდე პერიოდში, 2022 წლის 1 იანვრამდე დადგენილი წესით.
მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილება 550-მდე მოქალაქეს შეეხება.
კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი და ლევან მაჭავარიანი.












