1692302192
ნიკოლოზ სამხარაძე: ბრიუსელში მართლა თუ აქვთ ინტერესი, ქართველი ხალხი იხილონ ევროპულ ოჯახში, უნდა ელაპარაკონ ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, არალოგიკური პოლიტიკა აქვთ
საქართველო არ იყო მიწვეული შავი ზღვის დაკავშირებადობის სამიტზე, რომლის მთავარი თემაც იყო ევროპის დაკავშირება კავკასიის გავლით ცენტრალურ აზიასთან, გაუგებარია, რა გზებით აპირებენ ცენტრალურ აზიასთან დაკავშირებას, თუ არა საქართველოს გავლით, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ბრიუსელს აქვს წამგებიანი, გაუაზრებელი და არალოგიკური პოლიტიკაა, რომ არ ჰქონდეს დიალოგი საქართველოს მთავრობასთან.
„ის ფაქტი, რომ საქართველო არ არის მიწვეული, იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რაც ბრიუსელს აქვს. გაგახსენებთ, რომ საქართველო მიწვეული არ იყო შავი ზღვის დაკავშირებადობის სამიტზე, რომლის მთავარი თემაც იყო ევროპის დაკავშირება კავკასიის გავლით ცენტრალურ აზიასთან. საქართველოს როდესაც ასეთ ღონისძიებაზე არ მიიწვევ, გაუგებარია, რა გზებით აპირებენ ცენტრალურ აზიასთან დაკავშირებას კავკასიის გავლით, თუ არა საქართველოს გავლით. ნათელია, ეს არის პოლიტიკა, რომელიც ბრიუსელს აქვს, რათა არ ჰქონდეს დიალოგი საქართველოს მთავრობასთან. ძალიან წამგებიანი, გაუაზრებელი და არალოგიკური პოლიტიკაა ბრიუსელის მხრიდან, თუმცა, ასევე მინდა, ვიმედოვნო, რომ ეს პოლიტიკა, მალე შეიცვლება. თუ მართლა აქვთ გულწრფელი ინტერესი, საქართველო და ქართველი ხალხი იხილონ ევროპულ ოჯახში, მაშინ უნდა ელაპარაკონ იმ ხელისუფლებას, რომელიც აირჩია ქართველმა ხალხმა“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.











