„შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“ - სინოპტიკოსების გაფრთხილება მძღოლებს
1774856576
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებას, რომელიც ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგისა და წყლის დაბინძურებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.
კანონის მოქმედი რედაქცია სანქციას ითვალისწინებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ატმოსფერულ ჰაერზე, ნიადაგზე, წყალზე ან/და ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების გამომწვევი ან/და გარემოს დამაბინძურებელი მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან/და ამტვერებადი მასალების განთავსებაზე ან/და რეალიზაციაზე ისეთ ადგილებში, რომლებიც არ არის განსაზღვრული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.
როგორც მომხსენებელმა, პარლამენტის წევრმა ირაკლი შატაკიშვილმა განაცხადა, ცვლილების მიღების შემთხვევაში, შესაბამისი მუნიციპალიტეტები, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მსგავსად, შეძლებენ შეიმუშაონ ანალოგიური წესი, რომლის დარღვევისთვისაც შესაბამისი ადმინისტრაციული სანქციებია დაწესებული.
კანონპროექტის თანახმად:
• მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან/და ამტვერებადი მასალების განთავსება ან/და რეალიზაცია იმ ადგილებში, რომლებიც საამისოდ არ არის განსაზღვრული მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2500 ლარით, ხოლო იურიდიული პირის - 5000 ლარით.
• მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის დარღვევით განთავსება ან/და რეალიზაცია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღნიშნული მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საამისოდ განსაზღვრულ ადგილებში, − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის − 2 500 ლარით.
პროექტის თანახმად, კანონი 2026 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება.