1758194878
ისრაელის დელეგაციამ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა და ფოთის პორტის ტერმინალები დაათვალიერა

საქართველოში ისრაელის საელჩოს ინფორმაციით, დღეს ისრაელის დელეგაციამ დასავლეთ საქართველოს ორი მნიშვნელოვანი ეკონომიკური ჰაბი დაათვალიერა – ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა და ფოთის პორტის ტერმინალები.
საქართველოში ისრაელის საელჩოს ცნობით, დელეგაციას ხელმძღვანელობს ისრაელის სოფლის მეურნეობისა და სურსათის უსაფრთხოების მინისტრი ავი დიხტერი, რომელსაც თან ახლავს საქართველოში ისრაელის ელჩი ვალიდ აბუ ჰაია და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები, ლაშა დოლიძის ხელმძღვანელობით.
„დელეგაციას თბილად შეხვდა როგორც ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის, ასევე პორტის მენეჯმენტის გუნდი, რომლებმაც წარადგინეს სტრატეგიული ობიექტების სავაჭრო, ლოგისტიკური და სხვა საინვესტიციო შესაძლებლობები. ვიზიტმა ღირებული ინფორმაცია მოგვაწოდა საქართველოს, როგორც რეგიონალური ჰაბის როლისა და ისრაელ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების პოტენციალის შესახებ“, – აღნიშნულია საქართველოში ისრაელის საელჩოს ინფორმაციაში.