ირაკლი ზარქუა რეგიონული განვითარების მინისტრის ინტერპელაციაზე: შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ამით ოპოზიცია ცდილობს შექმნას მხარდამჭერებში განცდა, რომ თითქოს მუშაობენ და აი, ჩართული არიან საპარლამენტო საქმიანობაში

ზარქუა

კითხვები, რაც ვნახეთ იმდენად მსგავსია და თან ცოტა გაუგებარი პათოსის და გაუგებარი ფორმულირებით, რომ შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ამით ოპოზიცია ცდილობს შექმნას მხარდამჭერებში განცდა, რომ თითქოს მუშაობენ და აი, ჩართული არიან საპარლამენტო საქმიანობაში, - განაცხადა პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ, რეგიონული მინისტრის ინტერპელაციასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, დღეს საზოგადოება მოისმენს მინისტრის დასაბუთებულ არგუმენტებს.

„რეგიონული განვითარების სამინისტრო რასაც აკეთებს, ეს ისედაც ცხადია. აქ არის მხარდაჭერა რეგიონული განვითარების, მხარდაჭერა ცალკეული პროექტების - შიდა გზები იქნება ეს, სკოლები თუ სხვა ინფრასტრუქტურა. მოვისმენთ მინისტრის კიდევ ერთ დამაჯერებელ, არგუმენტირებულ პასუხებს“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

პარლამენტში დღეს, რეგიონული განვითარების მინისტრს მოუსმენენ. კახაბერ გულედანს კითხვებით ინტერპელაციის წესით გიორგი გახარიას პარტიის წევრებმა მიმართეს. 25 კითხვა ძირითადად ეხება სამინისტროს საქმიანობას.