დიასპორის კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს

დიასპორის კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს

 პარლამენტის დიასპორის კომიტეტის სხდომაზე თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ ინფორმაცია წარადგინა.

ირაკლი ზარქუას განცხადებით, 2026 წელს კომიტეტი მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება საკვირაო სკოლებისა და საგრანტო პროექტების მხარდაჭერის საკითხებს დაეთმობა.

„საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, დაგეგმილია თანამემამულის სტატუსის მინიჭების წესისა და შესაბამისი კომისიის მუშაობის სრულყოფა. ერთობლივად ვიმსჯელებთ სტატისტიკური მონაცემების ანალიზზე, არსებულ გამოწვევებსა და მათი მოგვარების გზებზე“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა უცხოეთში საქართველოს საელჩოებისა და საკონსულოების როლის გაძლიერების მნიშვნელობასა და სხვადასხვა უწყებასთან სექტორული თანამშრომლობის გაფართოებაზე.

ირაკლი ზარქუამ ყურადღება გაამახვილა დიასპორული ინვესტიციებისა და მეწარმეობის განვითარების აუცილებლობაზე. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია ფულადი გზავნილების საინვესტიციო პოტენციალის უფრო ეფექტიანად გამოყენება და დიასპორის წარმომადგენელთა აქტიური ჩართვა საქართველოში ბიზნესის მხარდამჭერ სახელმწიფო პროგრამებში.