ირაკლი ქადაგიშვილი - საქართველო-რუსეთს შორის დაძაბულობა მხოლოდ ბალტიელებს არ უნდათ, ეს უნდათ გლობალური ომის ძალებს, ისინი ამ მიზნის მისაღწევად ბალტიელებს იყენებენ

ირაკლი ქადაგიშვილი

მთავარი კავკასიაში დაპირისპირების დაწყება იყო, ვიღაცის გეოპოლიტიკურ ხედვაში შეიძლება, ეს ნორმალურია, მაგრამ საქართველოსთვის არა, კარგად გაიხსენონ ის ომები, რომელიც საქართველომ გაიარა და ნახონ, ქვეყანას რა შედეგი მოუტანა, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველო-რუსეთს შორის დაძაბულობა გლობალური ომის ძალებს უნდათ, ისინი ამ მიზნის მისაღწევად ბალტიელებს იყენებენ.

„ლატვიის დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა თქვა, რომ ვიდრე უკრაინაში ომია, ლატვიის საზღვრებთან სიმშვიდეა და რუსეთის მხრიდან თავდასხმის საფრთხე არ არისო. ეს ის მთავარი ამოსავალი პასუხია, რის გამოც ბალტიისპირეთის ქვეყნები მოწადინებულები არიან, რომ საქართველო რუსეთს შორის ისეთი კონფრონტაციული ვითარება იყოს, რაც მათი გაგებით, მათ საზღვრებს კიდევ უფრო მეტად უსაფრთხოს გახდიდა. საქართველოს მიმართ მათ ქმედებებს სხვა ახსნა არ გააჩნია. მეორე ფრონტის საკითხი აქტუალურია. საქართველო-რუსეთს შორის დაძაბულობა მხოლოდ ბალტიელებს არ უნდათ, ეს უნდათ გლობალური ომის ძალებს, ისინი ამ მიზნის მისაღწევად ბალტიელებს იყენებენ. საქართველოს კონფლიქტში ჩათრევა მიზანი რომ იყო, სახეზეა. ეს ჩანდა, როგორც საგარეო განცხადებებიდან, ასევე ქვეყნის შიგნით მაპროვოცირებელი პროცესებით, რადიკალური ოპოზიციის განცხადებებით და იმ შეხვედრებიდან, რომელიც მაშინდელ თანამდებობის პირებთან უცხოელი ელჩების მონაწილეობით იმართებოდა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს მიმართ გამოხატული მწვავე დამოკიდებულების მიზეზია, რომ რუსეთის მიმართ სამხრეთ კავკასიიდან ცეცხლი უნდა გახსნილიყო, რაც რუსეთისთვის უკიდურესად მძიმე მოვლენა, მაგრამ საქართველოსთვის გამანადგურებელი იქნებოდა.

„საქართველოს მიმართ გამოხატული მწვავე დამოკიდებულების მიზეზია, რომ რუსეთის მიმართ სამხრეთ კავკასიიდან ცეცხლი უნდა გახსნილიყო, რაც რუსეთისთვის უკიდურესად მძიმე მოვლენა, მაგრამ საქართველოსთვის გამანადგურებელი იქნებოდა. ამაზე უარი ვთქვით და ახლა მცდელობაა, რომ საქართველოში ხელისუფლება შეცვალონ ან ისეთი მოიყვანონ, რომელიც ამ მიმართულებით მორჩილი იქნება. ევროპარლამენტის რეზოლუციაში იყო ჩაწერილი, რომ ჩვენ რუსეთისთვის სანქციები უნდა დაგვეწესებინა, რაც გამოიწვევდა არა მხოლოდ ეკონომიკის მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნას, არამედ რუსეთი მხოლოდ ეკონომიკური შემოტევით არ შემოიფარგლებოდა და შეეცდებოდა, რომ საქართველოს წინააღმდეგ პირდაპირი ან პროქსი ომი წამოეწყო. რუსეთისთვის ეს საჭიროებას გააჩენდა დამატებითი ძალების გადმოსროლის და რუსულ ძალებს დაქსაქსავდა, მაგრამ ეს დამანგრეველი იქნებოდა საქართველოსთვის“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისი თქმით, ომი დამანგრეველია უკრაინისთვის, მაგრამ ომს არავინ აჩერებს და არც საწყის ეტაპზე გააჩარეს, როდესაც ამის შესაძლებლობა იყო.

„ამ ომის მიზანი რუსეთისთვის გეოპოლიტიკური მარცხის მიყენება იყო. ვიღაც იტყვის, ეს საქართველოსთვისაც ხომ სასარგებლოა, თუ რუსეთი ისე დასუსტდება, რომ ოკუპირებული ტერიტორიების აღდგენა დაჩქარდესო. რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ რა ხდება სინამდვილეში? ეს დამარცხება მოხდება თუ არა და, თუ მოხდება, საქართველო დარჩება თუ არა. უკრაინა ტერიტორიულადაც გაცილებით დიდია საქართველოზე, მისი სამხედრო-სამრეწველო პოტენციალიც განუზომლად დიდია და ნატო-ს სახელმწიფოებსაც ესაზღვრება, მაგრამ ვხედავთ, რა ხდება. როცა გეოპოლიტიკაზეა საუბარი, აქ მხოლოდ საქართველო არ არის. სამხრეთ კავკასიაში ცეცხლის გაჩენა კავკასიაში ცეცხლის გაჩენას ნიშნავს. ამიტომ, აქ შეიძლება გეგმები გაცილებით დიდი და ფართო ყოფილიყო. მთავარი იყო, რომ კავკასიაში დაპირისპირება დაწყებულიყო. ვიღაცის გეოპოლიტიკურ ხედვაში შეიძლება ეს ნორმალურია, მაგრამ საქართველოსთვის არა. ვისთვის ადვილად სათქმელია – „აბა, ომი გინდა?“, მათთვის ეს დასაცინია და ვულგარულად სათქმელია, მაგრამ კარგად ის ომები გაიხსენონ, რომელიც საქართველომ გაიარა და ნახონ, ქვეყანას რა შედეგი მოუტანა. იგივე, საქართველოს ისტორიული მარცხი იქნებოდა. დრო მოვა, ისტორია თავის გადამწყვეტ სიტყვას იტყვის“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.