მხარი დაუჭირეთ კვარას - „ოქროს ბურთის“ ოფიციალურმა გვერდმა კვარაცხელიას ვიდეო გამოაქვეყნა
1790112207
პოლიტიკაში არ არსებობენ არც მუდმივი მეგობრები და არც მუდმივი მტრები, არსებობს მუდმივი ინტერესები და ეს ინტერესები ყოველთვის წინა პლანზე გამოდის ხოლმე. ამ შემთხვევაში სწორედ ასეთი ინტერესი იყო, რომ ეს ორი ოლიგარქი გათავისუფლებულიყო ევროკავშირის სანქციებიდან, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა სანქცირებულთა სიიდან ორი რუსი ოლიგარქის ამოღებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, სხვადასხვა ვერსია ვრცელდება, თუ რატომ იყო აქცენტი მაინცდამაინც ამ ორ ადამიანზე, მათ შორის არის ისიც, რომ აზერბაიჯანში იყო დაკავებული საფრანგეთის ორი მოქალაქე, რომელთა გათავისუფლების სანაცვლოდ მოეხსნათ სანქციები კონკრეტულ პირებს.
ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ასეთი მაგალითები გვაჩვენებს იმას, რომ არ შეიძლება სახელმწიფო წუთიერ სისუსტეებს დაჰყვეს და მთელი ერის ინტერესები უკიდურესი დარტყმის ქვეშ მოაქციოს.
„ყოველთვის არსებობს, ყველა დიდი ომისა და დაპირისპირების დროსაც ის გამონაკლისები, რომელიც მხარეთა ინტერესებში შედის. ამიტომ იყო, რომ ჩვენ, საქართველოს ხელისუფლებამ და საქართველომ აირჩია ერთადერთი სწორი პოლიტიკა, როდესაც ვთქვით, რომ ასეთი გეოპოლიტიკური ომის, დაპირისპირებისა და ტურბულენტობის პირობებში მთავარი არის შენი ეროვნული ინტერესები დაიცვა. რაც არ უნდა მძიმე ასატანი ყოფილიყო ის კრიტიკა, შემოტევა, შიგნით თუ გარეთ დაუმსახურებელი შემოტევები ხელისუფლებაზე, რომელიც მოდიოდა, ამ პოლიტიკამ თავისი შედეგი დადო.
დღეს იმედს გამოვთქვამ და ეს არის ჩვენი პოლიტიკაც, რომ დასრულდეს ეს ომი. ამ ომის დასრულება, იმედია, ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებას შექმნის სამყაროში, საიდანაც საქართველო გაძლიერებული და დაუზიანებელი გამოვა და ინტერესი საქართველოსი, რა თქმა უნდა, ყოველმხრივ უფრო გაზრდილი იქნება.
ეს მაგალითებიც გვიჩვენებს იმას, რომ არ შეიძლება წუთიერ პოლიტიკურ სისუსტეებს დაჰყვეს სახელმწიფო ან წუთიერ ხიბლს მისცეს ხელისუფლებამ უფლება, რომ მასზე ზეგავლენა მოახდინოს და ამ დროს შეიძლება მთელი ერის სასიცოცხლო ინტერესები უკიდურესი დარტყმის ქვეშ დადგეს. ასეთი მაგალითები არაერთია. ჩვენ სხვადასხვა დროს ვიხილეთ, როდესაც მათ შორის კონკრეტული ნავთობკომპანიები, კონკრეტული ბანკები, რუსეთის სხვადასხვა კონკრეტული საქონელი, რომელიც სანქციის ქვეშ იყო, ამა თუ იმ ინტერესიდან გამომდინარე, სხვადასხვა პერიოდში სასანქციო რეჟიმისგან თავისუფლდებოდა“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, საქართველო არის ფაქტობრივად ლიდერი სახელმწიფო, რომელსაც საერთაშორისო სანქციების წესები არ დაურღვევია.
ცნობისათვის, ევროკავშირი დათანხმდა ორი რუსი ოლიგარქის, ალიშერ უსმანოვისა და მიხაილ ფრიდმანის სასანქციო სიიდან ამოღებას. ეს გადაწყვეტილება მიიღეს 2026 წლის სექტემბერში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების შეხვედრაზე, როდესაც ბლოკმა რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი ინდივიდუალური სანქციები უპრეცედენტო ვადით, 2029 წლის სექტემბრამდე გაახანგრძლივა.