+42 გრადუსამდე სიცხე და ძლიერი ნალექები – ზაფხულის ახალი პროგნოზი
1783595552
მანკიერი ჯაჭვი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ რასებმა და ჯო უილსონებმა მოქსოვეს, საქართველოში დემოკრატიის წინსვლისთვის ყველაზე დიდი მტერია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, მათი ამ მავნე პოლიტიკის მიუხედავად, ქვეყანა განვითარებას და მათ შორის დემოკრატიის შენარჩუნებასაც აგრძელებს.
„ეუთო-ს მიერ მიღებული რეზოლუცია არის ჯო უილსონისა და სხვების მანიპულაციური პოლიტიკის შედეგი. ეს იმის შედეგია, როცა გარკვეული პოლიტიკური ძალები არადემოკრატიულ პროცესს ანიჭებენ უპირატესობას, არამედ ნებისმიერი გზით საკუთარი პოლიტიკური მიზნების მიღწევას. როცა საკუთარი მიზნების მიღწევა არ გამოსდით, შემდეგ იწყებენ სხვადასხვა ქვეყნის თუ საერთაშორისო ორგანიზაციების ავტორიტეტის გამოყენებას ასეთი დამაზიანებელი, არაკორექტული, არაკანონიერი რეზოლუციებისა და განცხადებების მისაღებად, რათა ამა თუ იმ ქვეყანაზე ზეწოლა მოახდინონ“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
მისივე განცხადებით, ჯო უილსონის ფიგურა და საქმიანობა საქართველოს მოსახლეობისთვის კარგად გაშიფრულია.
„ყველაზე ცუდი ის არის, რომ მთელი რიგი საერთაშორისო ინსტიტუტების დევალვაცია მიმდინარეობს. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მთავარი დამკვირვებელი ეუთო იყო, რომლის დელეგაციამაც არჩევნები შემდგარად გამოაცხადა და საქართველოს არჩევნების ჩატარება მიულოცა, მაგრამ იმის გამო, რომ ეს ორგანიზაცია არის ამ ძალების ზეწოლის ქვეშ, თავისივე დასკვნის დაცვასაც ვერ ახერხებს და რაზეა ლაპარაკი? ასეთი ორგანიზაციის ასეთ მდგომარეობამდე მიყვანა წარმოუდგენელია. ორგანიზაცია, რომელიც უსაფრთხოების და დემოკრატიის დამცველი უნდა ყოფილიყო, ასეთი სახის რეზოლუციების მიღების შედეგად საფრთხის შემცველი გახდა, როცა საკუთარი სადამკვირვებლო მისიის დაცვის უნარიც კი დაკარგა. ბუნებრივია, ასეთი ყალბი დოკუმენტების მიღების პროცესში მონაწილეობას ვერ მივიღებდით და დელეგაციას სწორი პოზიცია ჰქონდა. ვინმემ საქართველოში დემოკრატია თუ დააზიანა, ეს პოლიტიკური ძალები არიან და ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა სწორედ მათ ეკისრებათ. იმის გამო, რომ დემოკრატიულ არჩევნებში სასურველ შედეგს ვერ აღწევენ, არჩევნების დისკრედიტაციის პოლიტიკას იწყებენ და მათი აქაური მარიონეტები უარს ამბობენ არჩევნების შედეგებზე, პოლიტიკურ პროცესზე, საპარლამენტო ცხოვრებაზე. არჩევენ, რომ ბრძოლის იარაღად რევოლუცია, შტურმი გახადონ. ბუნებრივია, ამას ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში შესაბამისი სამართლებრივი რეაქცია მოჰყვება. ამ გაბრიყვებულ პოლიტიკოსებს და მათ მიერ შეცდომაში შეყვანილ ხალხს ისევ ესენი იყენებენ სპეკულაციებისთვის საქართველოს წინააღმდეგ. მანკიერი ჯაჭვი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ რასებმა და ჯო უილსონებმა მოქსოვეს, საქართველოში დემოკრატიის წინსვლისთვის ყველაზე დიდი მტერია. მათი ამ მავნე პოლიტიკის მიუხედავად ჩვენი ქვეყანა განვითარებას და მათ შორის, დემოკრატიის შენარჩუნებასაც აგრძელებს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ გუშინ ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. საქართველოს დელეგაციამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა და სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, დეკლარაციის შესწორებული ვერსიის ცალკეული ნაწილები განზრახ ამახინჯებს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ რეალობას და აყალბებს ფაქტებს.