სამი შვილის დედა, რომელიც 24 წლის წინ დაიკარგა, ცოცხალი იპოვეს
1773037827
ტყუილი ილაპარაკეს და დაბეჯითებით ამტკიცებდნენ, რომ საქართველოში ტერორისტული ჯგუფები მზადდება, მაგრამ გამოძიების წინაშე ფაქტების წარდგენა როცა მოუწიათ, იძულებულები გახდნენ, უკან დაეხიათ, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.
„ასეთი განცხადებების მიზანია, რომ ყოველ ჯერზე, როგორც კი, მსოფლიოში რაიმე ცუდი ხდება, საქართველო ამ ცუდის ეპიცენტრში მოახვედრონ. ახლა ირანის გარშემო მიმდინარეობს ომი და ეს ადამიანები საქართველოსთან დაკავშირებით საერთაშორისო მასშტაბებით ყველაზე ნეგატიური ინფორმაციის გავრცელების პიონერები გახდნენ. მიზანია ქვეყნის შიგნით მოსახლეობის ფსიქიკური დაზაფვრა. როგორც კი, გამოძიებასთან კონკრეტული ფაქტების მოყვანა მოუწიათ, მაშინვე ნათელი გახდა ის, რაც ბუნებაში არ არსებობს, რომ საქართველოში ტერორისტებს ამზადებენ. ყოველწლიურ შეფასებას თუ გავიხსენებთ, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებისას, რომელიც საერთაშორისო ტერორიზმთან დაკავშირებით არის ხოლმე, დავინახავთ, რომ საქართველო მოხსენიებულია ქვეყნად, რომელიც ერთ-ერთი ეფექტურია საერთაშორისო ტერორიზმის თუ სხვა საერთაშორისო დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში. ამიტომ, რა თქმა უნდა, მათი მტკიცებულება იგივე ქიმიური იარაღის და „კამიტის“ ტოლფასი განცხადებაა. საქართველოს დაზიანებას ასეთი გზებით ცდილობენ. ტყუილი ილაპარაკეს და დაბეჯითებით ამტკიცებდნენ, რომ საქართველოში ტერორისტული ჯგუფები მზადდება, მაგრამ გამოძიების წინაშე ფაქტების წარდგენა როცა მოუწიათ, იძულებულები გახდნენ, უკან დაეხიათ და ეთქვათ, რომ ასეთი რამ არ უთქვამთ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
შეგახსენებთ, სუს-მა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა პირის მიერ საჯაროდ არაერთი ინფორმაცია გახმოვანდა საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირების შესახებ და, მათ შორის, იყო დადანაშაულება თუ მინიშნებები ტერორიზმის მიმართულებით. გამოძიება სსკ-ის 319-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
სუს-ში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში თინა ხიდაშელი, გუბაზ სანიკიძე, გიორგი კანდელაკი და ვახტანგ კაპანაძე გამოიკითხნენ.
თინა ხიდაშელმა სუს-ში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის შემდეგ განაცხადა: „არსად მითქვამს, რომ საქართველოში ამზადებენ ტერორისტებს, ჩემი ამოცანა შესრულებულია, რამე საფრთხე თუ ემუქრება ქვეყანას, იმედი დავიტოვოთ, რომ გაარკვევენ“.
რამდენიმე დღის წინ თინა ხიდაშელმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ „საქართველოში ფუნქციონირებს ე.წ. უნივერსიტეტი, ტერორისტების სკოლა, რომელშიც ამზადებენ მებრძოლებს“.