ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენი გაცხადებული პოზიცია და სახელმწიფო დეპარტამენტის დღევანდელი განცხადება ადასტურებს, რომ ორმხრივი ინტერესი ურთიერთობების აღდგენისა სახეზეა

ირაკლი ქადაგიშვილი

ირაკლი ქადაგიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია „დღის ქრონიკასთან“ შეაფასა. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ეს საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების აღდგენის ინტერესს ადასტურებს.

„რაც ახალი ადმინისტრაცია მოვიდა აშშ-ში, საქართველოსთან მისი დამოკიდებულება შეიცვალა. პირდაპირი წნეხი, რასაც ჩვენ განვიცდიდით წინა ადმინისტრაციის პირობებში, ფაქტობრივად მოხსნილია. დღეს ჩვენ ვუყურებთ, რომ უკვე კონკრეტული ნაბიჯები იდგმება, რათა საქართველოსა და აშშ-ს შორის ნორმალური ურთიერთობა აღდგეს.

ჩვენი გაცხადებული პოზიცია და დღეს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული განცხადება ადასტურებს, რომ ორმხრივი ინტერესი ამ ურთიერთობების აღდგენისა, სახეზეა. ყველაფერი ეს უკვე სამუშაო რეჟიმშია გადასაყვანი და საქართველოს დელეგაციის ვიზიტი გვაძლევს კონკრეტულ ხელშესახებ მიმართულებებს, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს თანამშრომლობა ორ სახელმწიფოსა და მთავრობებს შორის. მაგრამ ის ძალები, რომლებიც ამის წინააღმდეგი არიან, ფარ-ხმალის დაყრას არ აპირებენ და ამ მიმართულებით შეტევები იქნება“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან კონსტრუქციული ურთიერთობისკენ ისწრაფვის. ამ საკითხზე საუბარია წერილში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა „ფორმულას“ წერილობით დასმული შეკითხვის პასუხად გაუგზავნა.