ირაკლი ქადაგიშვილი: ალეკო ელისაშვილი პირდაპირ ტერორისტულ აქტებს ახორციელებდა, რაც ვერასდროს ჩაითვლება პროტესტის ფორმად, მის გარემოცვას დასკვნები უნდა გაეკეთებინა, რა დაემართა ამ ადამიანს

ირაკლი ქადაგიშვილი

ტერორისტი როცა ტერორისტულ აქტს სჩადის, ისიც ამბობს, რომ ეს მისი პროტესტია და უსამართლობას ებრძვის, ამიტომ, ტერორისტული აქტი ვერასდროს ჩაითვლება პროტესტის ფორმად, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, ალეკო ელისაშვილი პირდაპირ ტერორისტულ და დივერსიულ აქტებს ახორციელებდა.

„ალეკო ელისაშვილის ქმედება ცოტა აუხსნელია. ეს ადამიანი პირდაპირ ტერორისტულ და დივერსიულ აქტებს ახორციელებდა, რაც სატელევიზიო ეთერში ვიხილეთ. ეს არ არის პროტესტი. როცა ტერორისტი ტერორისტულ აქტს სჩადის, ისიც ამბობს, რომ ეს მისი პროტესტია და უსამართლობას ებრძვის. ამიტომ, ტერორისტული და დივერსიული აქტი ვერასდროს ჩაითვლება პროტესტის ფორმად და ვერ იქნება საზოგადოებისთვის მიმტევებლობით მიღებული. მისი პიროვნული დეგრადაციის აშკარა გამოვლინება იყო, როცა ტრიბუნასთან მდგომ ადამიანს თავს დაესხა. ალბათ, მის გარემოცვას დასკვნები უნდა გაეკეთებინა, ამ ადამიანს რა დაემართა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ალექსანდრე ელისაშვილს 2025 წლის 4 მაისს ჩადენილი ტერორისტული აქტის მეორე ეპიზოდზე ბრალდება წარუდგინა.