ირაკლი კუპრაძე: ვაგრძელებთ წინააღმდეგობას, ამ ბრძოლაში გამოვიყენებთ სტრატეგიული წინააღმდეგობის ყველა ხაზს, რომელიც მიგვიყვანს გამარჯვებამდე

ირაკლი კუპრაძე

რუსული რეჟიმისა და „ქართული ოცნების“ პირისპირ წინააღმდეგობა იქნება უკომპრომისო და პრინციპული, არ არსებობს სხვა გზა, რომელიც გამოგვიყვანს პოლიტიკური კრიზისიდან, –  ამის შესახებ პარტიის „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ აუცილებლად მოუწევს პასუხისმგებლობის აღება იმაზე, რომ მიიღო ანტიდემოკრატიული, ანტიეროვნული, ანტიევროპული პოლიტიკური გადაწყვეტილებები და სამართლებრივი აქტები.

„ანტიეროვნულმა და ანტიქართულმა „ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ დემოკრატიას მიაყენოს გადამწყვეტი დარტყმა, აკრძალოს პროდასავლური ოპოზიციური პარტიები, მათ შორის, პოლიტიკური კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველო“, რომელმაც ამ წლების განმავლობაში გაატარა საქართველოს მოქალაქეების მთავარი და ძირითადი ინტერესი, რომ პოლიტიკაში დაბრუნდეს ქართველი ხალხის ხმა. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას და წინააღმდეგობას. რუსულ  რეჟიმს დავალება აქვს, ქვეყანაში გააქროს პროდასავლური სახალხო ოპოზიციური ხმა, მათ შორის, კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველოს“ სახით. ჩვენთვის ეს არის ისეთი გამოწვევა, რომელსაც აუცილებლად მოვუძებნით წინააღმდეგობის გზას. ჩვენ გუშინ შევიტანეთ კონსტიტუციური სარჩელი იმ მუხლების წინააღმდეგ, რომელიც არის ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის სახით.

მისი თქმით, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლები ყველა მუნიციპალიტეტიდან აცხადებენ, რომ წინააღმდეგობა რუსული რეჟიმის და „ქართული ოცნების“ პირისპირ იქნება უკომპრომისო და პრინციპული.

„არ არსებობს სხვა გზა, რომელიც გამოგვიყვანს პოლიტიკური კრიზისიდან. „ქართულ ოცნებას“, ივანიშვილს, მის პოლიტიკურ დამნაშავეებს, აუცილებლად მოუწევთ პასუხისმგებლობის აღება იმაზე, რომ მიიღეს ანტიდემოკრატიული, ანტიეროვნული, ანტიევროპული პოლიტიკური გადაწყვეტილებები და სამართლებრივი აქტები. ჩვენ დღეს აქ დგომით და თქვენთან, მოქალაქეებთან პოლიტიკური კომუნიკაციით, საუბრით, ვდებთ პირობას, რომ ეს ბრძოლა არ გაჩერდება, ვიდრე არ იქნება მიღწეული გამარჯვება. გამარჯვება, რასაც იმსახურებს საქართველოს მოქალაქეები, ქართველი ხალხი ეს არის ივანიშვილის რუსული რეჟიმის დასრულება და ამ ბრძოლაში გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, სტრატეგიული წინააღმდეგობის ყველა ხაზს, რომელიც მიგვიყვანს გამარჯვებამდე. ვიბრძოლებთ ბოლომდე და აუცილებლად მივალთ გამარჯვებამდე“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ფრაქცია „ქართული ოცნების“, პოლიტიკური ჯგუფების, „ხალხის ძალის“ და „ევროპელი სოციალისტების“ ერთობლივი კონსტიტუციური სარჩელით მოთხოვნილია სამი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა. ეს პარტიებია: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია გირჩი, დროა“, ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“.