ირაკლი კობახიძე: თუ ვთანხმდებით იმაზე, რომ დღეს უმაღლესი განათლების დონე არ არის დამაკმაყოფილებელი, მაშინ უნდა შევთანხმდეთ იმაზეც, რომ სახელმწიფოს, ქვეყნის, ხალხის ინტერესებშია ამ ვითარების შეცვლა, ანუ რეფორმის გატარება

ირაკლი კობახიძე პარლამენტში

თუ ვთანხმდებით იმაზე, რომ დღეს უმაღლესი განათლების დონე არ არის დამაკმაყოფილებელი, მაშინ უნდა შევთანხმდეთ იმაზეც, რომ სახელმწიფოს, ქვეყნის, ხალხის ინტერესებშია ამ ვითარების შეცვლა, ანუ რეფორმის გატარება, სხვა აზრი მე არ მომისმენია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, არათუ რამე არ უნდა დასუსტდეს, ან დააკლდეს უმაღლესი განათლების სისტემას, პირიქით, რაც არის, ის უნდა გაძლიერდეს.

„მე მგონი, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ რადიკალურად არის გასაუმჯობესებელი განათლების დონე. კონკრეტული გზავნილები მოვისმინეთ, ერთი, ალბათ საკმარისად ნათლად არ ჩამოვაყალიბეთ ჩვენი ხედვა სპეციალობების გადანაწილებასთან დაკავშირებით. გამოშიგვნაზე იყო საუბარი და არც ერთი უნივერსიტეტის გამოშიგვნა არ არის გათვალისწინებული ამ კონცეფციით. პირიქით, როცა საუბარია განსაკუთრებით ორ ძირითად კერაზე, ვამბობთ, რომ ორივე ქალაქში, თბილისში და ქუთაისში უკლებლივ ყველა სპეციალობა უნდა ისწავლებოდეს, რასაც ზოგადად ფარავს უმაღლესი განათლების სისტემა და უფრო მეტიც, რაც დღეს სუსტად არის წარმოდგენილი, უნდა გაძლიერდეს. მაგალითად, კიდევ ერთხელ ავიღოთ ტექნიკური მიმართულებები, ტექნიკური მეცნიერებები, ტექნოლოგიები, რაც არის თვისებრივად გასაძლიერებელი. არათუ რამე არ უნდა დასუსტდეს, ან დააკლდეს უმაღლესი განათლების სისტემას, პირიქით, რაც არის, ის უნდა გაძლიერდეს. ეს არის ამ რეფორმის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.