ლევან სანიკიძე: ვერ ვიხსენებ ფაქტს, რომ გერმანიის ელჩი საშინაო პოლიტიკაში ჩაერია, თუ ვინმე ერევა, რუსეთი და მისი წარმომადგენლები არიან

ლევან სანიკიძე

ვერ ვიხსენებ ვერც ერთ ფაქტს, რომლითაც გერმანიის ელჩი ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში ჩაერია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.

სანიკიძე გამოეხმაურა საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის ინტერვიუს „რადიო თავისუფლებასთან“, სადაც ფიშერი აღნიშნავს, რომ „არასდროს დაურღვევია ვენის კონვენცია და არც საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარეულა“.

სანიკიძის თქმით, ქვეყნის შიდა საქმიანობაში თუ ვინმე ერევა, რუსეთის ფედერაცია და მისი წარმომადგენლები არიან.

„​მე პირადად, ვერც ერთ ფაქტს ვიხსენებ, რომლითაც გერმანიის ელჩი ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში ჩაერია. ისიც კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ როდესაც კანდიდატის სტატუსის მქონე სახელმწიფო ვართ, საგარეო კურსთან დაკავშირებით როდესაც „ქართული ოცნება“ თავს დაესხმება გერმანიას ან ევროპას, მეორე ფრონტის დაწყებაში დასდებს ბრალს, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით შესაბამისი კომენტარები კეთდება. ეს არ მგონია, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად ითვლებოდეს.

ქვეყნის შიდა საქმიანობაში თუ ვინმე ერევა, ეს რუსეთის ფედერაციაა და მისი წარმომადგენლები. ფაქტები, რომელიც უკავშირდება ფიშერის სასამართლო პროცესებზე დასწრებას, ხაზარიძისგან ბინის ქირაობას, ოპოზიციის სასარგებლოდ წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას, არც ერთი არ მიუთითებს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაზე. „ქართულმა ოცნებამ“ ზუსტად იცის, რას ნიშნავს ქვეყნის შიდა საქმიანობაში ჩარევა, რადგან, დარწმუნებული ვარ, ხშირი კონტაქტი აქვთ იმ რუს მაღალჩინოსნებთან, რომლებიც განსაზღვრავენ ამ ქვეყნის ბედს, სამწუხაროდ“, – განაცხადა სანიკიძემ.