მურთაზ ზოდელავა: დაკავების დღიდან ოპოზიციის დიდი ნაწილი ჩვენს ჩაქოლვას ითხოვდა, 4 ოქტომბერს დაკავებული აქციის მონაწილეებისთვის არ არსებობს არავინ, არც „ენჯეო“, არც საერთაშორისო ორგანიზაციები

მურთაზ ზოდელავა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის მურთაზ ზოდელავას განცხადებით, 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით 60 ადამიანია დაკავებული.

ზოდელავამ დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ აქციის მონაწილეებს, რომლებსაც 4 ოქტომბერთან დაკავშირებით აქვთ ბრალი წაყენებული, იქნებ გირაო ან სხვა ზომა შეეხოს.

მურთაზ ზოდელავას თქმით, 4 ოქტომბერთან დაკავშირებით პატიმრობაში მყოფი პირებისთვის „არ არსებობს არავინ – არც „ენჯეო“, არც საერთაშორისო ორგანიზაციები“.

„არ მგონია, რომ ეს ადამიანები აქ უნდა იყვნენ. ესენი აქციის მონაწილეები არიან. მზად ვარ, ყველა მუხლის აღიარებაზე ვიმსჯელოთ, მაგრამ იმ ადამიანების ნაცვლად, მე შემიძლია, ავიღო ყველაფერი. 60 გაუბედურებული ოჯახი დგას ამ ადამიანების უკან. ამ ადამიანებს, ვინც აქ არიან, ვსაუბრობ სამ ადამიანზე, საერთოდ არ ვიცნობ, რაღაც ზომიერება თუ არსებობს, იქნებ რამე შეეხოთ, გირაო ან რამე.

დაკავების დღიდან ოპოზიციის დიდი ნაწილი ჩვენს ჩაქოლვას ითხოვდა, ამ ადამიანებსაც წაუყენეს მერე ეს მუხლი. 4 ოქტომბრის პატიმრებისთვის არავინ არ არსებობს, არც „ენჯეო“, არც საერთაშორისო ორგანიზაციები. ამათ მაინც მიეცით ამოსუნთქვის საშუალება. ამ ადამიანებს რაღაც სხვა თვალით შეხედეთ. ჩვენ ნუ გვიგულშემატკივრებთ, მე ამას შეჩვეული ვარ და გადახარშული მაქვს“, – განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.