ირაკლი კობახიძე: შვეიცარიულ კომპანიასთან ერთად მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვიკვლევთ მყინვარებს, ეროზიულ პროცესებს და ეს ყველაფერი მოგვცემს შესაბამისი რისკების პრევენციის საშუალებას

 ირაკლი კობახიძე

შვეიცარიულ კომპანიასთან ერთად მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვიკვლევთ მყინვარებს, ეროზიულ პროცესებს და ეს ყველაფერი მოგვცემს შესაბამისი რისკების პრევენციის საშუალებას, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შოვში, სადაც პატივი მიაგო შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას.

მისი თქმით, მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მომავალში მსგავსი ტრაგედიები არ მოხდეს.

„ყველას ძალიან მძაფრად გვახსენდება ის უმძიმესი ტრაგედია, რომელიც დაგვატყდა თავს და რა თქმა უნდა, ჩვენი ვალია, რომ გავიხსენოთ დაღუპულები. ასევე ჩვენი ვალია, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ იმისათვის, რომ მომავალში არ მოხდეს ასეთი ტრაგედიები. მანამდე არ არსებობდა ასეთი პრეცედენტი, რაც დაკავშირებული იყო მყინვარულ ღვარცოფთან და ასეთი კვლევა არ იყო ჩატარებული. ჩვენ დავიწყეთ კვლევების ჩატარება, შვეიცარიულ კომპანიასთან ერთად. მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვიკვლევთ მყინვარებს, ეროზიულ პროცესებს და ეს ყველაფერი მოგვცემს შესაბამისი რისკების პრევენციის საშუალებას“, - განაცხადა პრემიერმა.