ირაკლი კობახიძე: საქართველო იყო იშვიათი გამონაკლისი, რომელიც საუბრობდა ევროკავშირში პრობლემებზე, ამ ყველაფერს კიდევ ერთხელ ახადა ფარდა ამერიკულმა დოკუმენტებმა, რაც მისასალმებელია

ირაკლი კობახიძე

ამერიკულ დოკუმენტებში რაც არის ასახული, ის ჩვენი თვალით ვიხილეთ საქართველოს მაგალითზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც: „ევროკომისია კვლავ ერთგულია ცენზურის მიმართ, მიზანში იღებს კონსერვატიულ კონტენტს და ერევა არჩევნებში მთელ ევროპაში“.

კობახიძის თქმით, ყველამ უნდა სცეს პატივი საქართველოს დემოკრატიულ სისტემას.

„ჩვენ საქართველოს შემთხვევაში პირდაპირ ვიხილეთ ჩარევის კონკრეტული მაგალითები, მათ შორის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი იყო ევროკავშირის ელჩის პირდაპირი გამოსვლა და მოწოდება ქართველი ხალხის მიმართ, რომ მხარი დაეჭირათ ოპოზიციისთვის მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ. ამაზე უხეში და პირდაპირი ჩარევა ალბათ ძნელი წარმოსადგენია. ამერიკულ დოკუმენტებში რაც არის ასახული, ის ჩვენი თვალით ვიხილეთ საქართველოს მაგალითზე. რა თქმა უნდა, ყველამ უნდა სცეს პატივი ჩვენს დემოკრატიულ სისტემას და სხვათა შორის, ეს საკითხიც პირდაპირ არის დაკავშირებული იმ კანონპროექტთან, რომელზეც ახლა ვისაუბრეთ. იყო ძალიან მარტივი, კოორდინირებული  მექანიზმი, რაც მიმართული იყო საქართველოში კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ. ასევე, გახსოვთ, ევროკავშირის კონკრეტული წარმომადგენელი პირდაპირ გამოვიდა  და მხარი დაუჭირა დამხობის გამოცხადებულ მცდელობას. ეს ყველაფერი არის კოორდინირებული ნაბიჯები. ასეთ სქემებში როცა არიან ჩართული საქართველოს მოქალაქეები, მათ მიმართ, რა თქმა უნდა, უნდა დადგეს შესაბამისი პასუხისმგებლობა. ეს არის აუცილებელი, რათა დამშვიდდეს ჩვენი სისტემა, რაც მთავარია, დამშვიდდეს ჩვენი ქვეყანა და შედგეს ძალიან ჯანსაღი დემოკრატიული წესრიგი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამერიკული დოკუმენტები ახდენს იმ ყველაფრის ლუსტრაციას, რაზეც საქართველოს ხელისუფლება რამდენიმე წლის განმავლობაში საუბრობდა.

„საბოლოოდ, ამერიკული დოკუმენტები ახდენს იმ ყველაფრის ლუსტრაციას, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით რამდენიმე წლის განმავლობაში. მაშინ ვიყავით მარტო, ერთადერთი ქვეყანა ვიყავით თითქმის, თუ არ ჩავთვლით ევროკავშირის წევრ ერთ-ორ ქვეყანას, ასევე მსოფლიო მასშტაბით დამატებით შეიძლება, ერთი-ორი ქვეყანა იყო, საქართველო იყო ძალიან იშვიათი გამონაკლისი ქვეყანა, რომელიც საუბრობდა ამ პრობლემაზე, იმ პრობლემებზე, რაც არის შექმნილი ევროკავშირში. მათ შორის დემოკრატიული უკუსვლის, ადამიანის უფლებების თვალსაზრისით და ა.შ. ამ ყველაფერს კიდევ ერთხელ ახადა ფარდა ამერიკულმა დოკუმენტებმა, რაც ძალიან მისასალმებელია“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.