ირაკლი კობახიძე - ქართველი ხალხი არის ერთადერთი სუბიექტი, რომელიც ხელისუფლებას ანიჭებს ლეგიტიმაციას, სხვას არავის აქვს უფლება, ისაუბროს ჩვენს ლეგიტიმაციაზე

 ირაკლი კობახიძე

ერთადერთი სუბიექტი არსებობს, ვინც საქართველოს ხელისუფლებას ლეგიტიმაციას ანიჭებს, ეს არის ქართველი ხალხი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ყრილობის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, ქართველი ხალხის ნებასა და არჩევანს ყველამ უნდა სცეს პატივი.

„ქართველმა ხალხმა, 54-პროცენტიანი მხარდაჭერით გამოგვიცხადა ნდობა შარშან ოქტომბერში, როცა შედგა საპარლამენტო არჩევნები. სხვას არავის აქვს უფლება, ისაუბროს ჩვენს ლეგიტიმაციაზე. ერთადერთი სუბიექტი არის ქართველი ხალხი, რომელიც ხელისუფლებას ანიჭებს ლეგიტიმაციას. მადლობა ღმერთს, ჩვენ აღარ ვართ 80-იან წლებში. მაშინ გახსოვთ, იკრძალებოდა ყველაფერი მოსკოვში. დისერტაციას რომ იცავდნენ, იმასაც კი მოსკოვში აგზავნიდნენ დასამტკიცებლად. დღეს საქართველოს ხელისუფლებას არ სჭირდება გარედან არავის დამტკიცება. ერთადერთი, ვინც ამტკიცებს საქართველოში ხელისუფლებას, დამოუკიდებელ ქვეყანაში ხელისუფლებას, არის ქართველი ხალხი და ამას ყველამ უნდა სცეს პატივი. სამწუხაროდ, არ სცემენ ამ ყველაფერს სათანადო პატივს, თუმცა ქართველ ხალხს და მის ნებას, არჩევანს ყველამ უნდა სცეს პატივი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.