ირაკლი კობახიძე: გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

ირაკლი კობახიძე

გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ში ქართველ ჟურნალისტებს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში შედგა არაერთი შეხვედრა, ასევე დამატებით ორ მრგვალ მაგიდაზე ჰქონდა სიტყვის გამოსვლის შესაძლებლობა.

„მთავრდება ჩვენი ვიზიტი გაეროში, რომელიც საინტერესოდ წარიმართა. დაგვირგვინება ამ ვიზიტის იყო რა თქმა უნდა, გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე, აქ გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე ეს არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია. საუბარი გვქონდა ქვეყნის განვითარებაზე, მათ შორის ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. შევეხეთ ყველა თემას, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს ეროვნულ ინტერესებთან და ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგთან. მთლიანად ვიზიტმა კარგად ჩაიარა. გვქონდა არაერთი შეხვედრა, ასევე დამატებით ორ მრგვალ მაგიდაზე მქონდა გამოსვლა. ორივე შემთხვევაში მთავარი თემა იყო მშვიდობა, რომელიც არის განვითარების აუცილებელი პირობა, ასევე მქონდა ორმხრივი შეხვედრები. შეხვედრა მქონდა გაეროს გენერალურ მდივანთან, ასევე ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, მქონდა შეხვედრა შვეიცარიის ვიცე-პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, რომელიც არის ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე. შეხვედრა მქონდა თურქეთის პრეზიდენტთან, სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, სერბეთის პრეზიდენტთან და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, აქ გავაფორმეთ ნაურუსთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ პროტოკოლი. მადლობა გადავუხადეთ ნაურუს პრეზიდენტს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. აღიარების უკან გაწვევის თაობაზე. ამის შედეგია დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება, რაც არის ჩვენი დიპლომატიის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება და ამისთვის მთელ დიპლომატიურ კორპუსს მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო. მთლიანობაში ვიზიტმა წარმატებულად ჩაიარა, მთავარი მიზანი ჩვენთვის იყო ჩვენი ეროვნული ინტერესების სათანადოდ წარმოდგენა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

✕