ირაკლი კობახიძე: ჩვენს სატრანსპორტო დერეფანზე მოთხოვნა სწრაფად იზრდება, ჩვენი ამოცანაა, ამ მოთხოვნას ვუპასუხოთ, სწორედ ამიტომ ვაგრძელებთ ქვეყნის სატრანსპორტო ქსელის სრულ მოდერნიზაციას

ირაკლი კობახიძე

ვაგრძელებთ ქვეყნის სატრანსპორტო ქსელის სრულ მოდერნიზაციას –  ვაფართოებთ პორტებს, ვაშენებთ ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს, ვაახლებთ სარკინიგზო და საგზაო მაგისტრალებს. დღევანდელი პროექტი ამ სტრატეგიული ხედვის განუყოფელი ნაწილია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ფოთის პორტის ახალი ნავმისადგომის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო იქცა მძლავრ ეკონომიკურ და ლოგისტიკურ ჰაბად, რომელიც დამატებით ღირებულებას ქმნის საერთაშორისო სავაჭრო ბრუნვისთვის.

„ბოლო წლებში შუა დერეფანი ევროპასა და აზიას შორის ერთ-ერთ ყველაზე საიმედო და კონკურენტუნარიან მარშრუტად ჩამოყალიბდა. ამ პროცესში ჩვენ უკვე აღარ ვართ მხოლოდ გეოგრაფიული ხიდი – საქართველო მძლავრ ეკონომიკურ და ლოგისტიკურ ჰაბად იქცა, რომელიც დამატებით ღირებულებას ქმნის საერთაშორისო სავაჭრო ბრუნვისთვის.

მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში საქართველოს პორტებში ტვირთბრუნვა 21 პროცენტით გაიზარდა. მნიშვნელოვანია, რომ ეს ზრდა ყველა ძირითად კატეგორიაზე ფიქსირდება. რაც შეეხება ფოთის ახალ საზღვაო ნავსადგურს – ბოლო სამ წელიწადში აქ ტვირთბრუნვა 78 პროცენტით არის გაზრდილი. ეს ციფრები ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ მოთხოვნა ჩვენს სატრანსპორტო დერეფანზე ძალიან სწრაფად იზრდება.

ჩვენი ამოცანაა, ამ მოთხოვნას თანამედროვე ინფრასტრუქტურით ვუპასუხოთ. სწორედ ამიტომ, ვაგრძელებთ ქვეყნის სატრანსპორტო ქსელის სრულ მოდერნიზაციას: ვაფართოებთ პორტებს, ვაშენებთ ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს, ვაახლებთ სარკინიგზო და საგზაო მაგისტრალებს. დღევანდელი პროექტი ამ სტრატეგიული ხედვის განუყოფელი ნაწილია. ეს ინიციატივა კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ჩვენი სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერებისა და ეკონომიკური განვითარების გზაზე.  გილოცავთ დღევანდელ დღეს და მინდა, გისურვოთ წარმატებები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ (DFC) კომპანია PACE Group-თან 25 მილიონი დოლარის ოდენობის მეორე სასესხო შეთანხმება გააფორმა. დაფინანსება ფოთის ახალი საზღვაო პორტის მეორე ნავმისადგომის მშენებლობის დასრულებას მოხმარდება.